NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » გოჩა ბარნოვი საზოგადოებას მორალურ თანადგომას სთხოვს
სიახლეები

გოჩა ბარნოვი საზოგადოებას მორალურ თანადგომას სთხოვს

სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგიის დოქტორი გოჩა ბარნოვი საზოგადოებისგან მორალურ მხარდაჭერას ითხოვს. როგორც იგი აღნიშნავს, ხვალ მიდის სემინარიაში, რათა სიმართლის მოპოვების შანსი ხელიდან არ გაუშვას.

უცვლელად გთავაზობთ გოჩა ბარნოვის განცხადებას, რომელსაც იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“როგორც უკვე მრავალგზის აღვნიშნე, ხუთშაბათს, 7 თებერვალს გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა, სადაც რამდენიმე ჩემი პოსტი წაიკითხეს. ამ საბჭოზე დამსწრე რამდენიმე ჩემმა მეგობარმა ზუსტად ერთი და იგივე ინფორმაცია მომაწოდა, რომ ეს სხდომა წინასწარ იყო ორკესტრირებული, იქ შეკრებილნი იყვნენ ჩემს დასასჯელად და არც მეტი და არც ნაკლები პატრიარქისა და ეკლესიის მტრობა დამაბრალეს. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ მათი ტრადიციული მეთოდია, ყველას ვინც არ მოსწონთ, თვით მიტროპოლიტებსაც კი პატრიარქის მტრობას დააბრალონ. მიუხედავად საბჭოს სამი წევრის განსაკუთრებული აქტიურობისა, ეს არ გამოუვიდათ. საბჭოს რამდენიმე წევრმა ჩემს პოსტებში ვერ დაინახა ჩემი პატრიარქისადმი მტრობა. ამავე დროს, რუსთავი 2 და სხვა ტელევიზიით გასულმა რეპორტაჟებმა რექტორი, ცოტა არ იყოს შეაშინა და საბჭოს ყველაზე აქტიურ და აგრესიულ წევრს რუსთავი 2 ის ეთერით გამოაცხადებინა, რომ ჩემს დასჯასთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება არ იყო მიღებული და რომ მომავალ ორშაბათს 5 წევრიან კომისიას ჩემი თანდასწრებით განეხილა ბრალდებები. მაგრამ როგორც ჩანს, იმ საღამოს რექტორმა გადაწყვეტილება შეცვალა. მეორე დღეს, 8 თებერვალს, სასწავლებლისთვის უქმე დღეს, საბჭოს წევრების დაუსწრებლად, ვიღაცას შეადგენინა ახალი ბრალდების ტექსტი , სადაც უკვე აღარ ფიგურირებდა ძველი, დამაჯერებლობას მოკლებული ბრალდებები : თითქოს მე პატრიარქის და ეკლესიის მტერი ვარ და თურმე როგორც ლექტორს, უფლება არ მაქვს ფეისბუკზე გამოვხატო ჩემი მოსაზრებები თუ წინასწარ მათგან არ ავიღებ კურთხევას. ბრალდებების ახალი რედაქციით ჩემი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ მე თითქოს უღირსად მოვიხსენიებდი ყველა იმ კონკრეტულ იერარქს, რომლებმაც აქამდე ოფიციალური მილოცვის წერილი არ გაუგზავნეს უკრაინის ეკლესიას და ქვეყნის პრეზიდენტს. სამეცნიერო საბჭოს რამდენიმე წევრმა პირადად შემატყობინა, რომ რექტორისაგან ამორჩეული რამდენიმე დოქტორანტი, ტელეფონით უკავშირდებოდა საბჭოს წევრებს. ზოგიერთ მათგანს ტელეფონშივე უკითხავდნენ მათ ზურგსუკან შედგენილ ახალ საბრალდებო ტექსტს და რექტორის სახელით მათგან დაჟინებით მოითხოვდნენ ფორმალურ თანხმობას. ამ ტექსტმა მოგვიანებით კიდევ ერთხელ განიცადა ცვლილება, როცა მასში დეკანოზ ანდრეა ჯაღმაიძის მიერ გაჟღერებული ახალი ბრალდება ჩაამატეს, თითქოს მე საქართველოს ეკლესიას განხეთქილებისკენ მოვუწოდებდი. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ეს ახალი განვრცობილი ტექსტი თბილისის ეპარქიის ბევრ სასულიერო პირს გადაუგზავნეს. ორშაბათს აღარ დაელოდნენ და წინასწარ გამოაცხადეს გადაწყვეტილება ჩემი აკადემიაში პედაგოგობის მიუღებლობასთან დაკავშირებით. ამაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ აკადემიის რექტორს. ეს მისი სტილია, შავი საქმეები სხვისი ხელით გააკეთოს, ამ შემთხვევაში ასეთი ინსტრუმენტი სამეცნიერო საბჭოა. ამ უკანასკნელის წევრების აბსოლუტურ უმრავლესობას თეოლოგიის დოქტორის ხარისხი ტრადიციული პროცედურების გარეშე არაფორმალურ ვითარებაში აქვთ მინიჭებული. ისინი პირადად რექტორ ზვიადაძისაგან არიან დავალებულნი ამ ფსევდო აკადემიური ხარისხების და მასზე დაფუძნებული აკადემიური პოზიციების გამო. სამეცნიერო საბჭოს ზოგიერთი წევრი თავისი სპეციალობით გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ არ გააჩნია თეოლოგიური განათლება და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელშეწყობით მოიპოვეს თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. რექტორი გიორგი ზვიადაძე, როგორც ჩვევია მოურიდებლად ახსენებს ყველას, თუ ვინმესთვის რამე გაუკეთებია და მადლიერების სახელით მათგან უსიტყვო მორჩილებას ითხოვს. სწორედ ამით აიხსნება, რომ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სამეცნიერო საბჭოს მართლაც რამდენიმე ღირსეულ წევრს აიძულა დავესაჯე ჩემი ფეისბუკ პოსტების გამო. ჯერ ერთი , ფეისბუკ პოსტებს მე ვწერ ჩემი მეგობრებისთვის. ისინი არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს და მე მათ არ ვწერ აკადემიის ლექტორის სახელით. აქედან გამომდინარე, ისინი არ შეიძლება ოფიციალური სასჯელის საფუძველი გახდეს. ესეც რომ არ იყოს, ფეისბუკ პოსტებში მე არავისთვის მომიწოდებია ეკლესიური განხეთქილებისკენ. სწორედ ამის აცილების სურვილმა და გულისტკივილმა დამაწერინა ისინი. შესაძლო განხეთქილების შიში და განხეთქილებისკენ მოწოდება ორი რადიკალურად განსხვავებული რამაა. ასევე რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან 1. უღირს საქციელად მიგაჩნდეს უკრაინელი ხალხის კანონიერ სურვილზე- ქონდეს ავტოკეფალიური ეკლესია, მხარის არდაჭერა, 2. უღირსად ჩათვალო ყველა კონკრეტული პიროვნება, რომელმაც აქამდე ვერ მოახერხა თუ არ ისურვა რაღაც მოსაზრებების გამო ოფიციალური მილოცვა გაეგზავნა უკრაინის მთავრობისა და ეკლესიისადმი. ვფიქრობ, რომ არაფერი ისე არ აშორებს ხალხს ეკლესიას, როგორც იმის განცდა, რომ იქ სიმართლეს ვერ იპოვის. სიყვარული და და სამართლიანობა ღმერთის ყველაზე დიდი ატრიბუტებია. ამიტომ, ადამიანები სიყვარულსა და სამართლიანობას ყველაზე მეტად ეკლესიასა და მის სასწავლებლებში ეძიებენ და ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ რექტორმა ჩემი ბედი უკვე “გადაწყვიტა”, მე ხვალ იქ იმიტომ მივდივარ, რომ სიმართლის მოპოვების შანსი ხელიდან არ გავუშვა და იმ სასწავლებლის ღირსება დავიცვა, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს. ყველას გთხოვთ მორალურ მხარდაჭერას.”

 

კმარა ზვიადაძის ძალმომრეობა სოლიდარობა გოჩას!”

მოქალაქეები ხვალ გამართავენ აქციას სადაც სოლიდარობას გამოუცხადებენ გოჩა ბარნოვს, ღონისძიების ტექსტში წერია:

“ორშაბათს, 11 თებერვალს, 11 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიაში გაიმართება შეხვედრა ადმინისტრაციასა და თეოლოგიის დოქტორ გოჩა ბარნოვს შორის, რომელიც წლებია რუსული იმპერიალიზმის კრიტიკის, განსხვავებული აზრისა და უცხოეთში სტუდენტების გაშვების გამო შევიწროებას განიცდის სასულიერო აკადემიის ადმინისტრაციის და პირადად რექტორ გიორგი ზვიადაძის მხრიდან. შესაბამისად, ამ გადამწყვეტ მომენტში, აუცილებელია ადამიანთა შეკრება აკადემიის შენობასთან, რათა უშუალოდ გავხდეთ თვითმხილველები მიმდინარე პროცესებისა და ვირტუალურის გარდა, პირადადაც დავუჭიროთ მხარი პროფესიონალს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზემოთმოყვანილი მიზეზების გამო იდევნება.”
#სოლიდარობაგოჩაბარნოვს

 

პოპულარული სტატიები

“ჟამი ახლოსაა” – ილია მეორე საზოგადოებას მოუწოდებს არჩევანი გააკეთოს ორ გზას შორის

მთავარი რედაქტორი

“კანაფის ლეგალიზაციის მომხრე არ ვარ და არასდროს ვიქნები”

მთავარი რედაქტორი

” რაც „თიბისის“ გარშემო ხდება, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე პოზიტიურად არ აისახება”-იტალიის ელჩი

გადასვლა....