NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ჯვრის მონასტრის წინამძღოლი, სამ დღიანი პროტესტის შემდეგ, დუმილს არღვევს
საზოგადოება

ჯვრის მონასტრის წინამძღოლი, სამ დღიანი პროტესტის შემდეგ, დუმილს არღვევს

ჯვრის მონასტრის დაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პატრიარქთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება, მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინე ჯინჭარაულმა გააკეთა. იღუმენი ჯვრის მონასტრის დაკეტვისა და სამ დღიანი პროტესტის შესახებ განმარტებას დღეს პირველად აკეთებს.

მისი თქმით, 14 იანვარს, ტაძრის დაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ მონასტერში მყოფმა სასულიერო პირებმა მიიღეს. სასულიერო პირის განცხადებით, ჯვრის მონასტრის კარიბჭის დაკეტვის შესახებ საპატრიარქოს მოგვიანებით შეატყობინეს.

„არის როდესაც იღებ კურთხევას ადამიანი რაიმეზე, არის როცა შემდეგ უნდა მოახსენო მის უწმინდესობას ის ნაბიჯი რატომ გადადგი და რატომ გააკეთე. ჩვენ უწმინდეს მოვახსენე შემდგომში. გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და საპატრიარქომ მერე გაიგო,“ – ამბობს კონსტანტინე ჯინჭარაული.

ამ დროისთვის, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დროებით შეწყვეტილია. მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც როგორც თავად ამბობენ, 4 დღის განმავლობაში უნდა გააცნონ.

კითხვაზე, თუკი ორშაბათს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა კვლავ განახლდება, დაიკეტება თუ არა ისევ ტაძრის კარიბჭე – მამა კონსტანტინე ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ კანონი უნდა აღასრულოს, კანონი კი გარე ვაჭრობას კრძალავს.

„კანონი უნდა შეასრულონ. კანონით არის აკრძალული,“ – აღნიშნა მამა კონსტანტინე ჯინჭარაულმა.

შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი სამი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ტაძარში შესვლა არ შეეძლოთ როგორც ტურისტებს, ისე ადგილზე მისულ მომლოცველებს.

გუშინ ჯვრის მონასტრის საძმომ წერილიც გაავრცელა, სადაც დაკეტვის მიზეზებზე იყო საუბარი. განცხადების თანახმად, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მოუგვარებელ კონფლიქტებს უკავშირდება.

ჯვრის მონასტრის კარი დღეს დილით გაიხსნა.

პოპულარული სტატიები

10 წლის გრიგოლ ესებუას ქუჩაში დარჩენა აღარ ემუქრება

თაკო

“მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში იმ ადგილს დაათვალიერებენ, სადაც გუშინ რუსი ოკუპანტები იდგნენ”

თაკო

ისრაელში გამგზავრებულ ყოველ მეათე ქართველს უკან აბრუნებენ – შსს

თაკო
გადასვლა....