NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » სტაჟირება თუ მონობა – სამწუხარო რეალობა
ბლოგი

სტაჟირება თუ მონობა – სამწუხარო რეალობა

საქართველოში ადამიანის შრომა სათანადოდ არ არის დაფასებული. ითხოვენ ბევრს – გაძლევენ ცოტას ან საერთოდ არ გაძლევენ, მათი ნება არ არის?! სტაჟირებაში ამოგხდიან სულს, შემდეგ კი, თითქოს პირნათლად არ ასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას, გიშვებენ ან შენთვითონ ხვდები, რომ შენი ადგილი აქ არ არის და მოდიხარ.  სამაგიეროდ, ახალ გამოუცდელს გამოიჭერენ, მაგასაც კარგად გამოიყენებენ და გამოუშვებენ. ეს პროცესი ასე დაუსრულებლად გრძელდება. ფაქტობრივად, ბიზნესს, ვითომ „სხვების სწავლასა“ და გულუბრყვილო გოგო-ბიჭების ნაწვალები შრომით იწყობენ.

სტუდენტები სწავლის პარალელურად ცდილობენ, სტაჟირება გაიარონ ნებისმიერ ადგილას, რადგან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ,  იმხელა სტაჟს ითხოვენ, რამდენი წლისაც  ჯერ კიდევ არ არიან. სტაჟირება იმის შანს იძლევა, რომ იმუშაონ გამოცდილი თანამშრომლების გვერდით, ისწავლონ მათგან და გაიზარდონ პროფესიული კუთხით. მაგრამ ყველგან სტაჟირება რომ გაიარო, როდისღა უნდა იმუშაო?!

ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში მივედი სტაჟირებაზე. მთავარ რედაქტორს ძალიან მოვწონდი და დიდ იმედებსაც ამყარებდა ჩემზე. სტაჟირება 1 წელს გაგრძელდა, 1 თვე კიდევ გადავხედოთ და მერე ხელფასსაც დაგინიშნავო. 2 თვე გავიდა და ჩემი პირველი ხელფასი – 100 ლარი ქეშად ავიღე, იმ პირობით, რომ მომდევნო თვეს, თუ უფრო მეტს ვიმუშავებდი, მომიმატებდნენ. მეტი არ იყოს ჩემი მტერი, იმ თვეს 150 ლარი მომცეს და დასძინეს, 50 საახალწლო საჩუქარიაო. ავდექი და წამოვედი, რადგან მივხვდი, ჩემი შრომა გროშებად არ მიღირდა!

საინტერესოა, რა სახის კანონი მოქმედებს საქართველოში სტაჟიორის უფლებების დასაცავად.

  1. ,,საქართველოს შრომის კოდექსის” მე-9- მუხლის მიხედვით, გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით“.
  2. „საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ” მე-8-ე მუხლში განმარტებულია შტატგარეშე მოსამსახურის ცნება: ,,შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად’’

თუმცა სტაჟირების ერთიანი წესი ყველა ტიპის საჯარო სამსახურისათვის არ არსებობს., ამიტომ შენი, ჩემი და ჩვენი უფლებები ირღვევა, როდესაც წლობით + უფასოდ ვმუშაობთ სხვისთვის. ეს იმის ბრალიცაა, რომ არც ერთი მხარე არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას.

2018 წელს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სტაჟირება ანაზღაურებადი უნდა გამხდარიყო. ამასთან ვადიანი და სტაჟირების წესი უნდა განესაზღვრა კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოს ან  დაწესებულებას, რომლის ფარგლებშიც მოხდებოდა ამგვარი საქმიანობის განხორციელება. სამწუხაროდ, ეს ამბავი მიჩუმდა და კაცმა არ იცის, რა ბედი ეწია ამ კანონპროექტს.

ამრიგად, სანამ ქართველები მარტო თავიანთი ჯიბეების გასქელებაზე იფიქრებენ, სხვების შრომის ხარჯზე, ასე გაგრძელდება სულ. ჩვენ რამე თუ არ აგვიკრძალეს, ისე ვერ ვხვდებით, რომ არ შეიძლება! ამიტომ, ხომ არ აჯობებს, დამსაქმებლები „დააშინონ“ – დაიყოლიონ ანაზღაურებად სტაჟირებაზე ან უკეთესი, მიიღონ სტაჟიორები შემდგომი დასაქმების პერსპექტივით?!

 

 

პოპულარული სტატიები

“უარესებს ელოდეთ! თავს ზემოთ არ აგაწევინებთ!”

თაკო

“ზის ციხეში და იქიდან გვივლის”

თაკო

“სახელმწიფოს როცა ვალი აქვს შენი, უნდა დაგიბრუნოს ან სამართალი აღადგინოს”

თაკო
გადასვლა....