NewsMedia-ახალი ამბები
მთავარი » Blog » “ჩანგლით ვენები გადავიჭერი, რომ მეტი აღარ დაერტყა…”
საზოგადოება

“ჩანგლით ვენები გადავიჭერი, რომ მეტი აღარ დაერტყა…”

სოციალური პროექტი “ქალები საქართველოდან” მორიგ საინტერესო ისტორიას გვიყვება 37 წლის ნია ვაშაკიძეზე. ეს არის უმძიმესი ისტორია ქალზე, რომელზეც მეუღლე წლების განმავლობაში ძალადობდა, თუმცა მან მან შეძ­ლო მო­ძა­ლა­დის­გან თავის და­ხსნა და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი ცხოვ­რე­ბის შე­ქ­მნა.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა გადავწყვიტე და მეორედ გავთხოვდი. ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც აღმოჩნდა ჩემი კეთილისმოსურნეები, ჩემ გარშემო მეუბნებოდა, რომ არ იყო ეს ადამიანი ის, ვინც მე მეგონა, მაგრამ როცა გიყვარს, მსგავს რჩევებს არ ითვალისწინებ. ის ხალხი, რატომღაც, ჩემი მტერი მეგონა.

რახან ერთხელ უკვე ვიმყოფებოდი ქორწინებაში და მყავდა შვილი, არსებული ქმარი ყოველთვის ეჭვის თვალით მიყურებდა. რატომღაც, სულ მარწმუნებდა, რომ მე ცუდი ვიყავი. მე კი, სულ მინდოდა დამემტკიცებინა, რომ კარგი ვიყავი, ყოველთვის მტკიცების პოზიციაში ვიყავი. შემდეგ უკვე ფიზიკური ძალადობაც დაიწყო და მიზეზი შეიძლებოდა ძალიან აბსურდული ყოფილიყო. მაგალითად, მეუბნებოდა „მითხარი რომ გიყვარვარ“, მეც ვეუბნებოდი „კი, მიყვარხარ“, რაზეც პასუხი იყო „არა, შენ მატყუებ, თქვი სიმართლე“ და ამას ხელის დარტყმა მოყვებოდა, ან კედელზე მარტყმევინებდა თავს, ან ფეხსაცმელს მირტყამდა. ამას ახლა პირველად ვამბობ ცხოვრებაში – ამ ყველაფერს სასჯელად აღვიქვამდი იმის გამო, რომ მეც ცუდი მეგონა ჩემი თავი და ვცდილობდი კარგი გავმხდარიყავი, რომ აღარ დაერტყა. ვფიქრობდი, რომ სანამ ჩემში ეჭვი ეპარებოდა მოვითმენდი და ეს ყველაფერი მოგვარდებოდა, როცა მიხვდებოდა რომ კარგი ვარ, აღარ დამარტყამდა.

ერთხელ ნაგავში დაიწყო ქექვა და მეზობლის მიერ გადაყრილი კაცის ტანსაცმელი აღმოაჩინა. რა თქმა უნდა, ჩემზე მოიტანა ეჭვი, შემოვარდა სახლში და ეგრევე დამარტყა. ჩანგალს დავტაცე ხელი და ვენები გადავიჭერი, რომ მეტი აღარ დაერტყა. ის კი, სისხლის დანახვაზე ადგა და წავიდა. იმ მომენტში ბედნიერი ვიყავი იმით, რომ თავი დამანება. საკუთარი თავის დაჩეხვა მერჩივნა.

სახლის ტელეფონი სამზარეულოში იდგა და როცა სახლიდან გადიოდა ეგრევე მირეკავდა ხოლმე. მობილურის ქონის უფლება მე არ მქონდა. რომ დარეკავდა პირველივე ზარზე ან მაქსიმუმ მეორეზე ტელეფონი რომ არ ამეღო, ცემა გარანტირებული მექნებოდა. მთელი ექვსი წელი სამზარეულოში ვიჯექი, რომ დარეკვისთანავე მეპასუხა. თვეები ისე გადიოდა, ეზოს გარეთ არ გავდიოდი. ხალხთან ურთიერთობა აკრძალული მქონდა, ჩემი მეგობრები ვერ მოდიოდნენ ჩემთან. ბავშვი თუ პოლიკლინიკაში აცრაზე მიმყავდა, დათქმულ დროს თუ არ დავრბუნდებოდი, ცემა არ ამცდებოდა. ასეთ ცხოვრებას ციხეში ჯდომა ჯობდა.

ეს ყველაფერი 6 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ძალიან აბსურდული მიზეზების გამო მეჩხუბებოდა, მაგალითად, „რატომ შემოვიდა ბუზი ფანჯარაში?!“ – ამის გამო მირტყამდა. ტელეფონის კაბელი გაფუჭდა? – „რატომ გაფუჭდა? შენ გააფუჭე!“ – აი, მსგავს ამბებში ვიყავი 24 საათის განმავლობაში. ამას დამატებული შიმშილი, არ მაჭმევდა იმიტომ, რომ მისი აზრით არ ვიმსახურებდი. ფსიქოლოგიურად ძალიან დასტრესილი ვიყავი. მახსოვს, ერთმა მოხუცმა, მეზობლის ქალმა მითხრა, რა ბედნიერი ვიქნებოდი ჩემს შვილიშვილს შენნაირი გოგო მოეყვანა ცოლადო. იმ მომენტში ის ქალი სულელი მეგონა, ამან არ იცის რა ცუდი ვარმეთქი. ვუთხარი კიდევაც, არ ვარ ეგეთი კარგითქო. ჩემი ახლობლები მეუბნებოდნენ რომ დავშორებოდი, მაგრამ მაინც მეგონა უნდა გამოვსწორებულიყავი და მერე აღარ დამარტყამდა.

საკუთარ სახლში ვიყავი, ნაცემი, დალილავებული და მშიერი. სულ თავჩაქინდრული დავდიოდი, სიარულისას თავი დაბლა მქონდა დახრილი. ამდენი ძალადობისგან, დროთა განმავლობაში სიყვარულიც გამიქრა და ყველანაირი ურთიერთობის სურვილიც. ერთ დღესაც, სახლიდან რომ გავიდა, გადავკეტე კარები და აღარ შემოვუშვი. კიდევ კარგი ჩემს ბინაში ვცხოვრობდი. სახლში რომ აღარ შემოვუშვი გაუკვირდა, მუქარით მომადგა. პირველად ცხოვრებაში, ძალა მოვიკრიბე და პატრული გამოვიძახე. ცალკე პატრულის გამოძახებაზე ვინერვიულე. თუმცა, რომ მოვიდნენ, მე გვერდზე გამიყვანეს, მომარიდეს მოძალადეს, ის კი გაუშვეს. ტელეფონით აგრძელებდა მუქარას. ჩემი ახალნაყიდი მანქანა დანით გამიჩხაპნა, თუმცა, შეიძლებოდა იმ დანით მე მოვეკალი. ერთხელაც, როგორღაც მოახერხა ჩემთან შემოსვლა, დამიჭირა და სანაგვე ბუნკერში მტენიდა. კიდევ ერთხელ გამოვიძახე პატრული, თუმცა ამჯერად ის გაქცეული იყო და ვეღარ მოუსწრეს. იმ დღიდან დაიწყო და ყოველ დღე პოლიციაში ვრეკავდი. პატრულმა ვერაფერი რომ მოუხერხა, კრიმინალური პოლიცია მოვიდა და იმის ახსნა დამიწყეს, რომ ოჯახური კონფლიქტია და ჩვენ დღეს ვიჩხუბებთ და ხვალ შევრიგდებით და ა.შ. თუმცა, არ დავნებდი, დღეში ორჯერ მივდიოდი პოლიციის განყოფილებაში ერთი კვირის განმავლობაში და მიხვდნენ რომ სერიოზულად ვიყავი განწყობილი. აი, მას მერე დაიწყეს მისი დევნა. უბნის ინსპექტორი ჩაერია საქმეში, დააშინეს, რომ სასამართლოს გადასცემდნენ მის საქმეს, რამაც შედეგი გამოიღო და შემეშვა. მე რომ ამდენი არ მებრძოლა და ამდენი არ მევლო პოლიციაში (რომლებიც, ძალიან ხშირად, იცინოდნენ ჩემს შემთხვევაზე), მას ალბათ ვერაფერი შეაკავებდა. 4 თვის განმავლობაში მუდმივად დავდიოდი პოლიციაში და ვიძახებდი პატრულს.

როცა მოძალადეს ვცილდებოდი, ძალიან ბევრი, ძველი თაობის ხალხი მეუბნებოდა, რომ კარგია რომ ვცილდები, მაგრამ, ამასთანავე, ბევრი ამბობდა რატომ სცილდები, მერე რა რომ გირტყამსო?! რომ გაცილდები ეგ რტყმაც კი მოგენატრებაო. მეუბნებოდნენ, თუ გაცილდები გზას აცდები და ა.შ. მსგავსი სისულელეებით მიტენიდნენ თავს. ძალიან ხშირად მიფიქრია, მასთან რომ გავჩერებულიყავი ან მკვდარი ვიქნებოდი ან ციხეში ვიჯდებოდი, ან ის მომკლავდა ან მე მოვკლავდი.

ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად 4-5 წელი დამჭირდა. როცა საბოლოოდ მას და ფსიქოლოგიურ სტრესს თავი დავაღწიე, მინდოდა აქტიურად მეცხოვრა. ჩემს სახლთან ფიტნეს კლუბი იყო და სულ ვფიქრობდი ნეტავი, აქ ჩამიყვანათქო. ჯერ ჩემი უფროსი შვილი შევიყვანე და შემდეგ, მეც დავიწყე ვარჯიში. ფიზიკური ვარჯიში ძალიან დამეხმარა ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევაში. მომემატა თვითრწმენა, რაც მანამდე სრულებით არ მქონდა. შემეცვალა სიარულის მანერა, ადრე თუ თავჩაქრინდრული დავდიოდი, მხრებში გამართულმა დავიწყე სიარული. ძალით მოხვეული მსხვერპლის როლი რომ მქონდა, ის გაქრა. მიხვდვი, რომ რაღაც ჩემი ვიპოვე და გადავწყვიტე ეს საქმე საფუძვლიანად შემესწავლა და ფიტნეს ინსტრუქტორი გავმხდარიყავი. დღეს მე თვითონ მიკვირს თუ ვინმე მირტყამდა და ამდენი რაღაც გამოვიარე.“

 

პოპულარული სტატიები

“თუკი ეს სიმართლეა და გაუვიდათ, ყველაფრის ღირსი ვიქნებით…”

თაკო

ბაზალეთის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

“არ დაუჯეროთ მათ, ისინი საშინელი ხალხია”

თაკო
გადასვლა....