NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მისი გარდაცვლილი შვილის სულის პატივსაცემად, კომენტარზე უარს ვამბობ”
საზოგადოება

“მისი გარდაცვლილი შვილის სულის პატივსაცემად, კომენტარზე უარს ვამბობ”

ქალბატონი იას განცხადებაზე მხოლოდ ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – მისი გარდაცვლილი შვილის სულის პატივსაცემად, კომენტარზე უარს ვამბობ, – ასე პასუხობს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

დღეს ია მეტრეველმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ნამდვილად არ სჭირდებოდა ზაზა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისმმართველობის პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება შვილმკვდარ მშობლებს ნამდვილად არ აპატიებდა იმას, როგორც ზაზა სარალიძე იქცევა.

„ნამდვილად არავინ გვაპატიებდა იმას, რაც დღეს ხდება. ყველანაირ საზღვრებს გასცდა, განსაკუთრებით ზაზა სარალიძე, დემოკრატიაშიც აღარ ჯდება. ჩემთვის მიუღებელია. სახელმწიფო კანონის ფარგლებში არ მოქმედებს და სახელმწიფო თავის პოლიციელს ვერ იცავს. ტვინის შერყევით აგერ პოლიციელი საავადმყოფოში წევს“, – განაცხადა მეტრეველმა. მისივე თქმით, ზაზა სარალიძისთვის შვილი სახელმწიფოს არ მოუკლავს. „საუბედუროდ ბავშვი ქუჩურ გარჩევებში მოკვდა – ზაზა სარალიძეს შვილი ბავშვებმა მოუკლეს. ჩვენ პირდაპირ სახელმწიფომ დაგვიხვრიტა შვილები. სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა წამებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი, პატრულმა დახვრიტა გიორგი გამცემლიძე და ასე შემდეგ. ასე, რომ ჩვენსა და მათ შორის, ამ უბედურ საქმეებს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა. საქმეზე დაპატიმრებები გრძელდება. ორი თუ სამი არასრულწლოვანია დაპატიმრებული. თუ მტკიცებულება არ არსებობს, მოზარდებს როგორ დაიჭერს სახელმწიფო და პროკურატურა?! ეს დაუშვებელია. მიმდინარეობს ძიება. ნამდვილად არ სჭირდებოდა სარალიძეს ასეთი ამბის ატეხვა და მკვლელების გვერდით დგომა. მივმართავ მაჩალიკაშვილს, როდესაც მისი თანამემამულეების შვილები ლაფანყურის სპეცოპერაცისას, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დახვრიტეს, როგორ დადგა იმ მკვლელების გვერდით?! სარალიძისგან განსხვავებით, მე მას დიდ პატივს ვცემ,“ – განაცხადა ია მეტრეველმა.

მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს მისგან ბევრად მეტი მხარდაჭერა ექნებოდა. მეტრეველმა აღნიშნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კითხვები მასაც აქვს და მიაჩნია, რომ მაჩალიკაშვილი ტერორისტი რომც ყოფილიყო, სამართალდამცველებს იგი ცოცხალი უნდა აეყვანათ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

პოპულარული სტატიები

“სოფელ ხურვალეთთან საგანგაშო არაფერი ხდება”

თაკო

“იცით, რატომ მოკლეს დათუნა სარალიძე?”

თაკო

“ჩიტმა ამბავი მომიტანა, სალომეს ქართულ ენაში ამეცადინებენო”

თაკო
გადასვლა....