NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “ბოდიში სიკვდილისთვის…”
საზოგადოება

“ბოდიში სიკვდილისთვის…”

“ქალები საქართველოდან”  ნინო ისაკაძის  ისტორიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნინო ისაკაძე, თბილისი

„ზაფხულის ერთ დღეს მარტო ვიყავი სახლში და კაკუნზე გავაღე კარი. კარებში იდგა საშუალო სიმაღლის სიმპატიური ქალი. იკითხა ლამარა თუ აქ ცხოვრობსო, ვერ ვიცანი… მე მახსოვდა დედა მაღალი. მე რომ პატარა ვიყავი ქვევიდან ზევით ვუყურებდი. ამ ქალს კი ზევიდან ვუყურებდი. „მე ვარ ლამარა“, ვუთხარი. „შვილო ვერ მიცანი?“ და მერე ვიცანი ჩემი საყვარელი დედა, ლამაზი, ჭკვიანი და როგორი თავგამოდებული. ჩემი ცხოვრება სულ მთლიანად შეიცვალა. მონატრებული სახელი გაცოცხლდა ჩემთვისაც.“ (ლამარა კოპაძის მოგონებიდან).

„მანამდე იყო 37 წელი და ათასობით ადამიანის დაკარგული წარსული. მახსოვს 15-16 წლის ვიქნებოდი, როცა 90-იან წლებში, უშუქობის დროს, შეშის „ფეჩთან“ ვიკრიბებოდით და ლიზიკო, ჩემი დიდი ბებია გვიყვებოდა თავის ისტორიებს. მაშინ პირველად დავინახე სხვა, ჩემთვის უცნობი ბებია, რომელმაც საბჭოთა ისტორიის ფაშიზმი საკუთარ თავზე გამოსცადა.

ბაბუა, ანდრო კოპაძე, ლიზიკოს ქმარი, ჟურნალში „კომუნისტი“ მუშაობდა, რედაქტორის მოადგილედ და სჯეროდა, რომ კომუნისტური რეჟიმი უმიზეზოდ არავის სჯიდა, სანამ ერთ დღეს, მოსკოვიდან ახალდაბრუნებული ბერიამ თავის კაბინეტში არ დაიბარა და მის ხელმძღვანელზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ მოსთხოვა. ბაბუამ უარი უთხრა. მეორე დღესვე სახლის კარზე კაკუნი გაისმა თურმე. სახლში 3-4 ადამიანი შემოცვენილა და ჩხრეკა დაუწყიათ. იმ დროს სახლში ანდროს და ლიზიკოს 8 წლის შვილი, ჩემი ბებია, ლამარა და ლიზიკოს დედა ცხოვრობდნენ.

„აქ დამთავრდა ჩვენი სცხოვრებაც.. ბოლო წუთამდე არ სჯეროდა, თუ დაიჭერდნენ: ქვეყანა ჩალით კი არ არის დახურულიო, სულ ამას ამბობდა. მეორე დღესვე წაიყვანეს და მისი ასავალ-დასავალი ვეღარ გავიგე…. არავინ ხმას არ მცემდა, ქუჩაში რომ დამინახავდნენ, პირს მარიდებდნენ, ჩემი ფეხის ხმაზე ფარდებს ჩამოაფარებდნენ ხოლმე. ოი, ღმერთო, ამაზე უფრო საშინელება არაფერია, ასე მეგონა სიკვდილს ვუყურებდი თვალებში, მაგრამ არ ვეგუებოდი, თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, ცრემლი მომრეოდა“ (ლიზიკო კოპაძის მოგონებებიდან).

ზუსტად ერთი თვის თავზე, მეორედ გაისმა სახლის კარზე კაკუნი. ამჯერად ლიზიკოს მოაკითხეს. ბებია იხსენებდა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სახლის ფანჯრიდან სკოლის შენობა იყო, სადაც ყოველდღე სატვირთო მანქანით მოყავდათ „მოღალატეების“ ცოლები და განყოფილებებში ანაწილებდნენ. ბებიას თბილი ტანსაცმელიც კი ჩალაგებული ქონდა. რომ დააკაკუნეს, ამოვისუნთქე კიდეცო. ძალიან მძიმე იყო 1 თვიანი სტრესული ლოდინის პერიოდი.

სხვა ქალებთან ერთად შინსახკომში მიიყვანეს ბებია, სადაც მოსთხოვეს რომ ქმრის არარსებული დანაშაული ეღიარებინათ. ძალიან კარგარ იცოდნენ, რაზე შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ქალები სენსიტიურები – ემუქრებოდნენ შვილების წართმევით, ოჯახის წევრების დაჭერით, ცემდნენ, აწამებდნენ. მაინც არ ტყდებოდნენ ქალები. ეს უტეხი ქალები აღმოჩდნენ ერთ მატარებელში, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით 1 თვე მიდიოდა. მიდიოდა სიჩუმეში. მაშინ ბებიამ არ იცოდა, რომ ამ სიჩუმეს 10 წელი ვერ დააღწევდა თავს.

„სხვისი“ სახლი

ლიზიკოს დაპატიმრების შემდეგ, მისი 8 წლის შვილი, ლამარა და დედა სახლიდან გამოასახლეს და იმავე კორპუსის სარდაფში შეასახლეს. იმ ბინაში, სადაც ერთ დროს ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, რუსი გენერლის ოჯახი დასახლდა. მოგვიანებით ლამარა ბებია იხსენებდა, როგორი მძიმე სანახაობა იყო ბავშვისთვის იმის ყურება, როგორ დადიოდნენ უცხო ადამიანები მის სახლში, სადაც ერთ დროს დედასთან და მამასათან ერთად უდარდელად ცხოვრობდა.
ქალები მიწაში

ქვანახშირის მატარებელი ყაზახეთში, ახლანდელი ქალაქის ჯეზკაზგანის მისადგომებთან გაჩერებულა. სულ ახალგაზრდა ქალები თოვლიან სტეპებს გაუყენეს და ციხეში, სადაც მკვლელობასა და ყაჩაღობაზე დაპატიმრებული ქალები სასჯელს იხდიდნენ, იქ გადაანაწილეს. ბებია იხსენებდა, როგორ აითვალწუნეს რეპრესირებული ქალები სხვა პატიმრებმა სწორედ იმის გამო, რომ „სამშობლოს მოღალატეების ცოლების“ იარლიყს ატარებდნენ.

რამდენჯერმე ნაჯახებით თავდასხმასაც გადაურჩნენ თურმე.
ციხიდან ქალები უკაცრიელ სტეპზე წაიყვანეს, სადაც მხოლოდ მავთულხლართები და ხის მორები იყო. საკუთარი ხელით გაათხრევინეს მიწა, მორები გადააფარებინეს და თავშესაფარი გააკეთებინეს. ეს გახდა ბებიას „ახალი სახლი“…
ბებიას გაუმართლა. იმ პერიოდში გადასახლებული ქალებიდან საჭირო პროფესიის ქალებს ასაქმებდნენ.

ლიზიკოს თავისი ოჯახის მხარდაჭერით არქიტექტურული ქონდა დამთავრებული, რაც მაშინ ქალისთვის იშვიათი პროფესია იყო. ამიტომ, ბებია შედარებით უკეთეს საცხოვრებელ პირობებში გადაიყვანეს და ჯეზკაზგანის დაპროექტებაზე დაასაქმეს. ბებია იხსენებდა, სახაზავი რომ მისცეს, ცრემლები წამოუვიდა. მისთვის იმ ადგილას ყველაზე ახლობელი ნივთი სახაზავი იყო. და ასე გავიდა 10 წელი. შრომაში, გეგმის 110%-ით გადაჭარბებით შესრულებაში, რომ წერილების მიწერის საშუალება მისცემოდათ ქალებს საკუთარი შვილებისთვის, თავდაცვაში, ერთმანეთის მხარდაჭერასა და დახმარებაში.

დაბრუნება

10 გრძელი წლის მერე ბებია დაბრუნდა. ლამარა უკვე 18 წლის დახვდა და მისი თავიდან გაცნობა მოუწია. ლამარა მაშინ მის მამიდასთან ცხოვრობდა, დედა გარდაცვლილი დახვდა… მამიდასთან ოჯახში ბევრი სული ცხოვრობდა ერთად, ამიტომ შვილთან ერთად პარკში განმარტოვდებოდა და იქ საუბრით ეცნობოდნენ ერთმანეთს. თავიდან დაიწყო ლიზიკომ ცხოვრება – ცხოვრება ნულიდან. ერთხელ ისიც გაიხსენა, როგორ მიაკითხა რუს გენერალს თავის სახლში და მშობლების რელიქვია – ლამპა სთხოვა. უარით გამოისტუმრეს. მას მერე იქ აღარ დაბრუნებულა.

ბოდიში სიკვდილისთვის

ბაბუა აღარასდროს უნახავს ლიზიკოს. 10 წლის მერე წერილი მიიღო.
„როდესაც დავბრუნდი, ანდროს ამბავი ვიკითხე. ოფიციალურად მისი დახვრეტის ცნობა არ მოსულა. მხოლოდ ქაღალდი მოვიდა. თურმე ციხეში ფილტვების ანთებით გარდაცვლილაო. მერე ინაურთან შევედი და იმან მითხრა, რომ ანდრო მაშინვე „ტროიკის“ გადაწყვეტილებით დაუხვრეტიათ. ყველაზე დიდი უბედურება კი ჩემთვის რეაბილიტაციის ქაღალდის მოსვლა იყო. ქმარი დამიხვრიტეს, მე ციხე-ციხე მატარეს, შვილი სადღაც სარდაფში გაიზარდა და ბოლოს თურმე „თქვენ დამნაშავე არ ყოფილხართ და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდითო“. ამაზე უფრო საშინელი ბოდიში ჩემთვის არ არსებობს“ (ლიზიკო კოპაძის მოგონებებიდან).

რამდენიმე წლის წინ, 37 წლის რეპრესირებულების არქივის გამოფენაზე ვიყავი. რატომღაც ინსტინქტურად, პირდაპირ იმ სტენდს მივადექი სადაც ბაბუას სახელი და გვარი ეწერა. წაყვანიდან მესამე დღეს დაუხვრეტიათ ანდრო კოპაძე, „ხალხის მტერი“…

რამდენი საღამოც იყო ბნელ 90-იანებში, იმდენ ახალ ისტორიას ვისმენდი ბებიაზე. აბსოლუტურად ახალი ლიზიკო კოპაძე გავიცანი. ეს არის ადამიანი, რომელიც არ ნებდება და ამ ჯოჯოხეთური ტკივილის შემდეგაც არ დაკარგა ადამიანების რწმენა და სიცოცხლის ბოლომდე იყო სიყვარულით სავსე. ყველას მიუტევა და არ დაკარგა სიყვარულის უნარი. ლიზიკომ მისი შვილისშვილები ზაზა და ლულუკა და შვილთაშვილები ეკა, მე და შოთა სიყვარულით და მზრუნველობით გაგვზარდა. სიცოცხლის ბოლო წამამდე ჩვენზე ფიქრში გაატარა. სიცოცხლის ბოლო წლებში, დედაჩემის თხოვნით ბებიამ თავისი მოგონებები ჩაწერა. ამ მოგონებებში დეტალურად არის აღწერილი ბებიას 10 წლიანი ისტორია ყაზახეთში. იქნებ ვინმემ საკუთარი ოჯახის წევრების ამბავიც ამოიცნოს ან ფოტო არქივში მისი ახლობელი ამოიცნონ. ახლა ჩემი მიზანია, ამ მოგონებების წიგნად გამოცემა, რომ სულ გვახსოვდეს, ფაშიზმი ნებისმიერ ეპოქაში და ქვეყანაში შეიძლება გაცოცხლდეს. და თუ სულ გახსოვს, მასთან ბრძოლაც უფრო მარტივია.“

პოპულარული სტატიები

“ირმა ნიკანორ მელიას ბრუსლის ილეთებით ცემას არ აპირებდა”

თაკო

დღეს ზურაბ ჟვანიას 55 წელი შეუსრულდებოდა

თაკო

შსს-ს რუსული თაფლით აღარ მომარაგდება – კომპანია “ვითი” ტენდერიდან მოხსნეს

თაკო
გადასვლა....