NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ბიჭი, რომელიც უხელოდ იღებს ფოტოებს, ვარჯიშობს კარატეში და წერს კომპიუტერზე ფეხებით
საზოგადოება

ბიჭი, რომელიც უხელოდ იღებს ფოტოებს, ვარჯიშობს კარატეში და წერს კომპიუტერზე ფეხებით

გიორგი ხიზანიშვილი მაგალითია იმისა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. გიორგიმ უბედური შემთხვევის გამო ორივე ხელი ბავშვობაში დაკარგა, თუმცა, ცხოვრება აქტიურად გააგრძელა. დღეს ის ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ფოტოებს ხელების გარეშე იღებს, ასევე, დაკავებულია კარატეთი და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ხიზანიშვილთან, რომელსაც ჟურნალი “თბილისელები” ავრცელებს:

გიორგი ხიზანიშვილი: 2003 წლის 30 დეკემბერს, წინასაახლწლო პერიოდში, განწყობაც შესაბამისი იყო – ოჯახი ემზადებოდა. მე და ჩემი და ბიძაჩემთან ტრაქტორში ჩავსხედით და გავყევით. ტრაქტორი  ცისტერნაზე იყო შეერთებული. რაღაც ნაწილი ძლიერად ტრიალებდა და მე და ჩემი და იქ ვთამაშობდით ჯოხით. ეს ჯოხი იმ ნაწილთან ჩავარდა. ჯერ ერთი ხელი ჩავყავი, მერე მეორეც მივაშველე და… ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ ვკარგავდი ორივე ხელს. მაშინ ცხრა წლის ვიყავი, ბავშვური დაუდევრობა იყო. აბსოლუტურად ყველაფერი მახსოვს მანამ, სანამ საავადმყოფოში ნარკოზი არ გამიკეთეს.

– როგორი იყო ნარკოზიდან გაღვიძების შემდგომი პერიოდი?
– მახსოვს, ნარკოზიდან რომ გავიღვიძე, არანაირი განცდა არ მქონია, რომ რაღაც საოცრება მოხდა და ხელები აღარ მაქვს. შეიძლება, ბოლომდე ვერ ვაანალიზებდი, მაგრამ მერე ცხოვრებაშიც არ მქონია ეს პრობლემა. ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება. რაღაც განსაკუთრებული არ მომხდარა. მკურნალობა თბილისში დავამთავრეთ და მერე ისევ სოფელში დავბრუნდით. ჩემი მშობლებისთვის გაცილებით რთული იყო, ვიდრე ჩემთვის. მერე მითხრეს, თურმე ფიქრობდნენ, როგორ ვუთხრათ ეს ამბავიო. თუმცა მე ყველაფერი ვიცოდი და თვითონ ვუთხარი: ხელები აღარ მაქვს-მეთქი. თუმცა რაღაცებზე ბავშვობიდან მწყდებოდა გული, სხვა რომ აკეთებდა მე ვერ ვაკეთებდი. ახლა ყველაფერში ჩამოყალბებული ვარ და ვიცი, რა მინდა და რა არა. შეგუების პროცესის პირველი ეტაპი ძალიან მძიმე იყო. რეაბილიტაციისთვის წლები დამჭირდა. ურთულესი იყო გარდატეხის ასაკი. მეათე, მეთერთმეტე კლასში გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად. დაძაბული, გაღიზიანებული ვიყავი და სკოლაში სიარულიც არ მინდოდა. რაღაცებში ჩამოყალიბებულიც არ ვიყავი. მერე რომ იზრდები უკვე რაღაცებს წყვეტ.

– რა დაგეხმარა ამ ყველაფრის გადალახვაში?
– ჩემს ცხოვრებასა და აზროვნებაში დღემდე დიდ როლს ასრულებს ეკლესია. როცა საკუთარი მამაო გყავს, გვერდით კი ბევრი მეგობარი, რაღაცებს უფრო ნაკლებად განიცდი. ეკლესიაში სიარული პატარა ასაკიდან დავიწყე, სანამ ეს ამბავი შემემთხვეოდა, გაცილებით ადრე მეზობელ სოფელში დავყავდით, იმიტომ რომ მოქმედი ტაძარი იმ დროს ჩვენს სოფელში არ იყო. მერე, რომ აშენდა, აღარ დავდიოდი – იყო რაღაც ჩავარდნის პერიოდი. რწმენა ყოველთვის მქონდა. ტაძარში სიარული მერე დავიწყე. მამაომ შემომთავაზა სტიქაროსანი გავმხდარიყავი. ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება. არასდროს მიფიქრია, უბრალოდ, დავდიოდი, როგორც მრევლი. მერე სტიქარიც ჩამაცვა. თბილისში რომ ჩამოვედი, აქ გავაგრძელე  ტაძარში სიარული. სამებაშიც მივედი, უწმიდესთან ვიყავი და კურთხევა მომცა, რომ ვყოფილიყავი სამების სტიქაროსანი, მესაუბრა, მანუგეშა. ახლა სამების სტიქაროსანი ვარ.

– რა გითხრა პატრიარქმა?
– არავისთვის არ მითქვამს და იმედია, არ გამიბრაზდებით თქვენც თუ არ გეტყვით.  ხომ არის რაღაცები, ჩვენთვის რომ ვინახავთ და არავის ვეუბნებით.

 სკოლაში, უნივერსიტეტში, როდესაც დასაწერი გქონდა, როგორ ახერხებდი?
–  ხელი არაფერში მეშლებოდა. ჩემი მეგობრები დღემდე ახლოს არიან ჩემთან, ყველაფერში მეხმარებიან და ეს ძალიან ჩვეულებრივი ხდება, არანაირი განსაკუთრებული რამე არ არის საჭირო. სწავლის პროცესში მასწავლებელს ზეპირად ვაბარებდი ყველაფერს. როცა კლასი წერდა, მე ზეპირად ვყვებოდი. შესაბამისად, უნივერსიტეტშიც ასე იყო. ჩანთითაც დავდიოდი. უკვე ერთი წელია, რაც თბილისის სასულიერო სემინარია დავამთავრე, ხელოვნებათმცოდნეობის განხრით. ეროვნულ გამოცდებს რომ ვაბარებდი, გვერდით მეჯდა ადამიანი და რასაც ვკარნახობდი, წერდა წერტილ-მძიმით. ყველაფერს  კამერა აფიქსირებდა და კიდევ ორი თანამშრომელი გვიყურებდა.

– ფოტოგრაფიით ხარ გატაცებული, როგორ ახერხებ ხელების გარეშე ფოტოების გადაღებას?
– კისერზე ვიკეთებ აპარატს და ვიღებ ხან მხრით, ხან ნიკაპით, ფეხებით. მანამდე მეუბნებოდნენ, რად გინდა კამერაო, მაგრამ რადგანაც ინტერესი მქონდა, ვიყიდე კამერა და ესეც მოვახერხე, რომ გადამეღო. სხვათა შორის, კარგი ფოტოები გამოდის. ძირითადად, ბუნებას ვიღებ. კომპიუტერზე ფეხებით ვწერ. ამ მხრივ ლეპტოპი ძალიან მოსახერხებელია – ძირს დავდებ და უფრო სწრაფად ვწერ.

– როგორც ვიცი, სპორტშიც აქტიურად ხარ ჩართული?
– გასულ წელს პარა-ტაიკვანდოს ფედერაცია ჩამოყალიბდა, განვითარების პროცესშია. რამდენიმე პარა-სპორტსმენი ვვარჯიშობთ და სხვათა შორის, მოსწონთ. გამომდის კიდეც, იმიტომ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. ველოდებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და ამისთვის ვემზადები. რაც მე შემიძლია, გავაკეთო – სარბენი ბილიკი იქნება, ველოსიპედი თუ სხვა ფიზიკური ვარჯიში, ტრენაჟორების დარბაზში ვვარჯიშობ. ტაიკვანდოში მწვრთნელი გვავარჯიშებს.

– რა პრობლემები გექმნება შენი მდგომარეობის გამო?
– პრობლემა ყოფილა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბილეთის აღებისას. ცხადია, როდესაც ერთი და იმავე ავტობუსით მგზავრობ, კონტროლიორიც ერთი და იგივე გხვდება. ზოგი მეხმარება, იღებს, ზოგი – არა. მეტროშიც იგივე პრობლემა იყო. მქონია ასეთი შემთხვევა, რომ არ გავუტარებივარ – სხვის ჩანთაში ხელს არ ჩავყოფ, უფლება არ მაქვსო ვკითხე: ვინ უნდა მოგცეთ ჩემს ჩანთაში ხელის ჩაყოფის უფლება –სახელმწიფომ თუ მე. კარგი, არ შეგიძლიათ, მაშინ სხვას ვთხოვ-მეთქი. იყო პერიოდი, როცა საზოგადოების დამოკიდებულება, მათგან გამოხატული სიბრალული მაწუხებდა. თავისთავად, გამაღიზიანებელია. უნდა მიხვდნენ, რომ მე და კიდევ ჩემნაირები არ ვსხედვართ სახლში და იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე სხვა. ხელებიც აქვთ, ფეხებიც, მაგრამ სოციალურად აქტიურები არ არიან. მე ყველაფერს ვაკეთებ, თეატრში დავდივარ, კინოში, აბსოლუტურად ყველგან. აქედან გამომდინარე, ვიღაცის შესაბრალებელი არაფერი მჭირს.

– ხელის პროთეზები რატომ არ გიკეთია?
– ორი ხელის პროთეზი მქონდა გაკეთებული. პირველად ვიყავით გერმანიაში, თვითონ გერმანულმა ფონდმა დააფინანსა, ერთი ხელის პროთეზი მქონდა, ორკაპა იყო, განუვითარებელი, რომელიც მინიმალურ რაღაცებს აკეთებდა. მეორე უფრო მოქნილი იყო, ვიზუალურადაც დახვეწილი, ორივე ხელზე მქონდა. ჩვეულებრივი ხელთათმანი იყო, საერთოდ არ მეტყობოდა, რომ ხელზე რაღაც მეკეთა თუმცა მძიმე იყო და ჩემთვის მოსახმარებლად გამოუსადეგარი. რაღაც პერიოდი ვიყენებდი, თუმცა რომ გავიზარდე, მერე აღარ ჩამეტია. ახლა მინდა, მაგრამ საკმაოდ ძვირია და ცხადია, ამის შესაძლებლობა არ მაქვს.

– შეყვარებული გყავს?
– შეყვარებული არ მყავს. გატაცებები მქონდა, თუმცა ოფიციალური შეყვარებული არ მყოლია. ცოტა წუნია ვარ… გოგო გარეგნულად რაღაცნაირად დახვეწილი უნდა იყოს. ასევე, სხვანაირი შინაგანი განწყობა უნდა ჰქონდეს, არისტოკრატული ბუნება, რაც გარეგნობაზეც უნდა ეტყობოდეს, ინტელექტუალურიც უნდა იყოს. გოგოებისგან არასდროს მიგრძნია, რომ ვინმეზე ნაკლები ვარ, ხელები არ მაქვს, და მისი ღირსი არ  ვარ, ასეთი შემთხვევა არ მქონია…

პოპულარული სტატიები

აფხაზური ენის სწავლის მსურველებისთვის წიგნი გამოიცა

თაკო

რატომ არ მიდის ინგა გრიგოლია ივანიშვილთან ინტერვიუზე?

თაკო

„გირჩი“ სკოლების გახსნას აპირებს – “მსურველები უკვე გვყავს”

თაკო
გადასვლა....