NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » დღეს სულ სხვანაირად, უჩვეულოდ სდუმდნენ ყვითელი ფოთლები
კულტურა საზოგადოება

დღეს სულ სხვანაირად, უჩვეულოდ სდუმდნენ ყვითელი ფოთლები

როცა სიყვითლეშეპარულ ფოთლებს შემოდგომის ქარი ანცად არწევდა 2019 წლის ტკივილიანი 2 ოქტომბერი დადგა. გარდაიცვალა დიდი მაესტრო, ყველასთვის საყვარელი გია ყანჩელი. დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. თითქოს, ყველა ფიქრი გაყინულიყო, მდუმარებდა ყველა და ყველაფერი. ყვითელი ფოთლები ფარფატით აღარ ეცემოდნენ მიწაზის ზედაპირს, თითქოს ემძიმებოდათ რაღაც, აღარც უწინდებურად დამსგავსებოდნენ ირგვლივ გაბატონებულ სიჩუმეს…

დღეს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პლეადის გენიალური ქართველი კომპოზიტორი, ქვეყანისთვის დიდი ადამიანი და ღირსეული მოქალაქე მიაბარეს მიწას – გია ყანჩელი – მუსიკის დიდოსტატი, რომელსაც მუდმივად თან სდევდა სიყვარულის ვრცელი, უკიდეგანო ჰორიზონტი და წუთისოფელში ადამიანად მივლინების სევდა. სიცოცხლის 85 წელიწადი შინაარსიან ცხოვრებასა და მოღვაწეობაში გალია. ყველაფერი მშობლიური ქალაქიდან, თბილისიდან დაიწყო.1959 წელს წარმატებით დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის სპეციალობით, თუმცა დიპლომის აღებისთანავე სწავლას ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1963 წელს დაასრულა. შემდეგ იყო ნანატრი სამსახური, ცხრა წელიწადში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგედ გვევლინება, 1979-დან კი უკვე საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივნად.

თხზავდა აქტიურად, განსაკუთრებით ,,კინემატოგრაფიულ მუსიკას”. მისი შემოქმედების თავისებურებას კათარზისით გაჯერებული ნაწარმოებები ამჟღავნებენ. ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ,,კავკასიური ცარცის წრე” ; ,,რიჩარდ III” ; ,,ჰამლეტი” ; ,,ქალი-გველი” ; ,,მეთორმეტე ღამე”. მუსიკა კინოფილმებისათვის: ,,შერეკილები” ; არ დაიდარდო”, ,,ქვევრი” ; ,,არაჩვეულებრივი გამოფენა”; ,,მიმინო”; ,,როცა აყვავდა ნუში” და სხვა. სიცოცხლეშივე დაჯილდოებულია ვოლფის, შოთა რუსთაველის სახელობის, საბჭოთა კავშირის, საქართველოს სახელმწიფო პრემიითა და ღირსების ორდენით. ყანჩელის მუსიკა უმეტესწილად სევდანარევია, რისი მიზეზიც კომპოზიტორმა გულახდილად გაამხილა ერთ-ერთ ინტერვიუში : ,, სამშობლოს სიყვარული სპეციალობა არ გახლავთ, ეს ისეთივე გრძნობაა, როგორც სიყვარული მშობლებისა და ახლობლების მიმართ, მაგრამ როცა სამშობლოს სიყვარული იქცევა პროფესიად, იქ იწყება დეგრადაცია. ამის მაგალითები ჩემ სამშობლოშიც არის. ვცდილობ, ეს ყოველივე პირდაპირ არ აისახოს ჩემ შემოქმედებაში, მაგრამ ირიბად, ალბათ, მაინც აისახება. ამიტომაცაა ჩემი მუსიკა სევდიანი და ხანდახან ტრაგიკულიც” – ამბობს ის.

კომპოზიტორი დიდი მოქალაქეც უნდა გახლდეთ. მისი მოღვაწეობის მიზანი არა სახელის მოხვეჭა, არამედ მშობლიური ხალხის განდიდება და ეროვნული კულტურის გამდიდრება უნდა იყოს მაღალხარისხოვანი ნაწარმოებებით. ყანჩელმაც ასე ამჯობინა და შედეგად მისი ნაწარმოებები ყოველ დროში აქტუალურია. მართლაც, უზადო ნიჭს თან ერთვოდა ამაღლებული სულისკვეთება,ზნეობრივი კეთილშობილება და კაცთმოყვარეობა, რითაც საკუთარი გავლენა გაავრცელა თანამედროვეებზე და მათივე პატივიცემა და სიყვარული მოიპოვა. ყანჩელი ეპოქის შვილია, ვინაიდან მისი მუსიკალური მეტყველება თავის ხალხისკენაა მიმართული.

შემოქმედებითი მემკვიდრეობა სარკეა კომპოზიტორის ტემპერმენტისა და მსოფლშეგრძნებისა და გამოხატავს მის არა მხოლოდ პირად ფსიქოლოგიურ განწყობილებას, არამედ თავის დროის პროგრესულ იდეებს, ეთიკურ -ესთეტიკურ მისწრაფებებს, ამაღლებულ იდეალებს. ყანჩელმა ღრმად გაიდგა ფესვები ერის გულსა და მეხსიერებაში. ამიტომ, მჯერა, გავა წლები და შინ, გარეთ, ქუჩებსა და მოედნებზე, საკონცერტო დარბაზებში, დრმატულ სპექტაკლებსა და კინოფილმებში, ტელეგადაცემებში ისევ იჟღერებს ყანჩელის მრავლისმეტყველი, ადამიანის სულიერ სამყაროსთან ყველაზე მჭიდროდ და უშუალოდ დაკავშირებული მუსიკა, რომელიც კიდევ დაიპყრობს მრავალი ადამიანის არსებას და შეარხევს მისი სულის უნატიფეს სიმებს.

გვანცა სარია

პოპულარული სტატიები

ვრცელდება ბათუმში მომხდარი ავარიის კადრები (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

“მოღალატე” – ზურაბიშვილს გორში ტრანსფარანტებით ხვდებიან

მთავარი რედაქტორი

როგორ შეძლებენ მოსწავლეები ატესტატის აღებას? – სამინისტროს განცხადება

თაკო
გადასვლა....