NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » რელიგია, რომელიც სიძულვილის თავშესაფრად იქცა
საზოგადოება სიახლეები

რელიგია, რომელიც სიძულვილის თავშესაფრად იქცა

ბავშვობაში, როგორც მეუბნებოდნენ, ღმერთი თბილი და გამგები იყო. თითქოს სიმშვიდისა და ბედნიერების მომტანი ყველასათვის. ლაღი და საიმედო გრძნობების ბუდე, რომელშიც ყველა სახის ფრინველს შეეძლო ბინის დადება. არა მხოლოდ შოშიებს, ან მერცხლებს, არამედ ყვავებს, მტრედებს, ქორებსა და სხვა ყველა ჯიშის არსებას… მე ასე წარმომედგინა და პირჯვრის გარდასახვაც ჩემთვის ბუდეში შეფრენისათვის პირველი ფრთების მოქნევასავით გახლდათ. სულ მალე, სამყაროს აღქმა დავიწყე. ადამიანები გავიცანი. მათ ქცევებს დავაკვირდი. ვხვდებოდი, რომ რაღაც არ მომწონდა. რაღაც ისე არ იყო, როგორც ამბობდნენ.

თავდაპირველად შევამჩნიე, რომ მათი სიტყვები, მათ საქციელებს არ ემთხვეოდა. მოგიწოდებდნენ ერთისაკენ და თვითონ აკეთებდნენ მეორეს. ამას კიდევ არაუშავდა. გავიდა დრო და დავინახე, რომ უკვე სიტყვებიც კი იცვლიდნენ ფორმებსა და კონტექსტს. არა ისე, როგორც მოსიყვარულე ღმერთსა და რელიგიას შეშვენის, არამედ როგორც მოძალადესა და ბოროტს. ნელ-ნელა სურვილი იმდენად გამიქრა, რომ უკვე დასაძალებელი ხდებოდა ეკლესიისაკენ ფეხის გადადგმა. აღარც ეკლესიის ლამაზად მოხატული კედლები მიზიდავდნენ და მითბობდნენ გულს, ისინიც ხომ ადამიანების შექმნილი იყო. ისევე, როგორც ღმერთი. ისე ძერწავდნენ და ძერწავენ, როგორც თავად მოესურვებათ. ცბიერად გიფუთავენ, ფერად ყუთში გიდებენ და ისე გადმოქცემენ იარაღს. თან ლიცენზიასაც გაძლევენ, რომ ღმერთით შეფუთო ყველაფერი ის, რაც სხვას ვნებს.

ყოველივე ეს იმის მიზეზი გახდა, რომ მალევე ჯვარი მოვიხსენი, ეკლესიაში სიარული შევწყვიტე და უბრალოდ დავტოვე ის ღმერთი, რომელიც ადამიანებმა გამოძერწეს. საერთოდ არ მინანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც წამოვიზარდე, ყველაფერს უფრო ნათლად, დაბნელებულსა და სისხლში ამოსვრილს ვხედავ. ვხედავ, რომ ყველა ძალადობრივი ქმედება, რომელიც ადამიანებს ანსხვავებს და ჰყოფს, “მართლმადიდებლებისგან” მოდის. ღმერთს , თურმე თავდაპირველად კაცი შეუქმნია და ამიტომ: “ქალზე ხელს თუ ავწევთ, ღმერთის სამსახურში ვდგავართ და კაცებს ამის უფლება გვაქვს, რაღაც ჩემი მოსაწონი არ გააკეთა და ამით ღმერთს აწყენინა!” თავი დახარე, როდესაც გირტყამენ, კვირას შენი ქმარი ეკლესიაში წავა და აღსარებას ჩააბარებს. იქნებ, ეზიაროს კიდეც. ღალატიც, რელიგიით ისე აქვთ აღქმული, თითქოს მხოლოდ ქალს აქცევდეს გარყვნილ, მიუღებელ, ბინძურ არსებად. კაცი წავა ეკლესიაში, მოინანიებს. გააკეთებს ყველაფერს, რაც ქალს არ შეშვენის და მერე ღმერთი მიუტევებს, რახან პირველი კაცი შექმნა და არა ქალი. სხვაგან არ ვიცი, როგორ ხდება და მხოლოდ საქართველოზე ვსაუბრობ. მჩაგვრელი მენტალიტეტი, რელიგიიდან აქვთ გაგებული ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან რატომ ,ან როგორ.

სიყვარულის უფლებასაც არ აძლევენ ადამიანებს. გარყვნილებაა. “ღმერთს არ მოსწონს, თავდაპირველად მან ხომ ქალი და კაცი შექმნა და არა ორი ერთი სქესის” “სოდორი და გომორი ხომ ამობუგა, უხ! ხელებში ვენაცვალე, მოდი, მოვკლავ, ვაწამებ, ვცემ. იქნებ ფულიც გადამეხადა მანამდე და ერთი საათით სადმე გავსულიყავით?” ხვდებით, ყველაფერი როგორ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში? გულს თქვენც გირევთ? შემწყნარებელი რელიგია და ღმერთი? აბა, სად არის? ერთმანეთზე ზრუნავთ, თუ “პიდარასტების განდევნის” პეტიციისათვის ხელმოწერებს აგროვებთ და სეფას შლით? ჭამთ და ილხენთ, მრავალშვილიან ოჯახებში კი, ბავშვები პურს ნატრულობენ. ესეც ღმერთის სახელით. ამინ. ღმერთის სახელით უმწარებთ ხალხს ცხოვრებას და კარგის გაკეთების დრო და სურვილიც აღარ გრჩებათ. ან,საპატრიარქო? მარად ხელისუფლების სამსახურში! ხელისუფლება? მარად საპატრიარქოს სამსახურში. უამრავი ოქროები, მილიონები, მილიარდები, ჯიპები… და არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს ბავშვებს შიმშილის გამო, ადრე აძინებენ. ერთი მღვდელი რომ დაფერთხო, ვინ იცის, სამ ოჯახს გამოკვებავს.

გული მერევა, ყველა ასეთ ადამიანზე, ვინც გინდა იყოს. “ღმერთის სამსახურში” ეშმაკის მოციქულებად იქცნენ. სიმშვიდე, არეულობად აქციეს. სიკეთედ დღეს ბოროტება ითვლება. ადამიანობას, ფასი აღარ აქვს. პატივისცემაც აღარსადაა. ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას კი სწორედ ეს წარმოადგენს. არ არსებობს. სხვა რელიგიის ადამიანი, რომელიც ღმერთს ოდნავ სხვანაირად აღიქვამს და შეიძლება უფრო სუფთადაც კი, ურჯულოა. თუ დამახინჯებული ღმერთის სახე არ მოგწონს, შენი საქმე წასულია, ეშმაკს სული მიჰყიდე და ყველაფერს იკადრებ, თუ უკვე არ იკადრე რამე. ჩემთვის, რელიგიამ ფასი დიდი ხანია დაკარგა, იმიტომ რომ ყველაფერი ადამიანების მიერ არის გამოძერწილი. ძალადობენ და ღმერთს მადლობას ეუბნებიან, კლავენ და მკვლელები კი არა, ღვთის მოშიში ადამიანები არიან. ჭამენ, ღორებივით ასხედან ფულს და ღმერთი აძლევთ, სახელმწიფო კი არა. 5 კილოგრამიანი ოქროს ჯვრის გარდა, სხვა ჯვარი ღმერთის მადლს არ მოისხამს. უბრალო ადამიანები კი არა, რაღაც სასწაულები არიან. რეალურად კი, არარაობები. რომლებიც ყველაფერ ღირებულს,ჩირქს სცხებენ და ფეხქვეშ ისე თელავენ, გეგონება ხელის გულზე ატარებენო. თითქოს, თუ ღმერთი მართლა არსებობს, ამ ყველაფერს ვერ დაინახავს. და თუ არსებობს და ეს ყოველივე მისთვის მოსაწონია, დაე ვიყო ურწმუნო, ურჯულო და გარყვნილი ადამიანი! ასეთი ღვარძლიანი და ბოროტი, ღმერთიც კი არ მჭირდება. ჩემთვის, ის თუ არსებობს, სამუდამოდ ისეთი დარჩება, როგორიც ბავშვობაში წარმომედგინა.

თამთა თოდუა

პოპულარული სტატიები

” ჩვენ რუსულ ბაზებს დენს უფასოდ ვაწვდით“ – პაატა დავითაია “ინტერ რაოსთან” დადებულ ხელშეკრულებაზე

“რატომ გგონიათ, რომ მე და ანანიაშვილს ერთმანეთის გვშურს?!” _ ირმა ნიორაძე არჩევნებს ეხმიანება

თაკო

“სააკაშვილი ბიზნესებისთვის კატასტროფა იყო”

გადასვლა....