NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » დღეს დავით გურამიშვილის დაბადების დღეა
კულტურა

დღეს დავით გურამიშვილის დაბადების დღეა

1705 წლის 21 ივლისს, გურამიშვილთა სამყოფელში, გორისუბანში, ილია ჭავჭავაძის სახლის მახლობლად დაიბადა დავით გურამიშვილი, რუსთაველის შემდეგ ძველი საქართველოს ყველაზე დიდი პოეტი.
გურამიშვილის ცხოვრების ქრონიკები ღრმადაა გადახლართული მისსავე შემოქმეებასთან. ბავშვობის წლები გორისუბანში გაუტარებია. მისი ,,მხიარული ზაფხულიდან“ ვასკვნით, რომ ის ძველი ქართული ბატონყმური წესების თანახმად აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს, ეტყობა იმდენად ღარიბ ოჯახში, რომ ზოგჯერ მშიერიც ყოფილა. ამ დროს შეითვისა დავითმა მდიდარი ხალხური სიტყვიერება და მადლიანი ქართული.
ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როცა ქართლ – კახეთს სისხლის ღვრისა და აოხების ახალმა ტალღამ გადაუარა. ქართველი ხალხის მაშინდელი მესვეურნი საბოლოოდ დაადგნენ რუსეთის ორიენტაციის გზას, რაც პოეტმა მეტად ამაღელვებლად მოგვითხრო. სამშობლოს ძნელბედობის ამბებთან მჭიდროდაა დაკავშირებული გურამიშვილის ცხოვრებაც. საქართველოს განსაცელს საკუთარი ჭირი დაურთო, რისი დასტურიც არის ,,ქართლის ჭირის“ მღელვარე სტრიქონები. ჯერ იყო და ზედაველასთან ბრძოლაში მონაწილეობდა, სადაც ქართველების დამარცხებით გამოწვეულმა განცდამ დააღონა, მაგრამ მომავალი კიდევ უფრო მწარე ხვედრს უმზადებდა ახალგაზრდას. ლეკიანობისას, მკათათვის ერთ დილას უიარაღოდ დარჩენილი დავითი ლეკებს დაუტყვევებიათ, საიდანაც გაპარვა დააპირა , თუმცა ისევ შეიპრეს და სასტიკი ტანჯვა არგუნეს. ამის მიუხედავად მაინც მოახერხა და დაუსხლტა მოძალადეებს. ნაწამები პოეტი 11 დღე მიიკვლევდა გზას. მხოლოდ მეთერთმეტე დღეს გავიდა ,,სარუსეთოს“, სადაც ვახტანგ VI ეგულებოდა, ასევე ძმა, ბიძა და სხვა ახლობლები. დავითიც დიდი პატივით მიიღეს. ვახტანგმა ის თავის კარის სამსახურში აიყვანა და ,,ჯაბადარბაშობა“ უბოძა, თუმცა მალე ბედის ბორბალი ისევ დატრიალა. 1757 წელს, პრუსიელების წინააღმდეგ ბრძოლაში ისევ ტყვედ ჩავარდა, სადაც მაგდებურგის ციხეში ყოფილა გამომწყვდეული. იქაურობას 1759 წელს დააღწია თავი. ტყვეობამ დაასნეულა. იმხნად შექმნილ ნაწარმოებები გადმოგვცემს მის უიმედო განწყობილებასა და სულიერ მიუსაფრობას. 1787 წელს მირიან ბატონიშვილის ხელით ქართველ ხალხს ,,ერთადერთი პირმშო“ გამოუგზავნა ,,დავითიანის“ სახით.
დიდი ხანი უცნობი იყო, თუ რამდენ ხანს იცოცხლა ამის შემდეგ პოეტმა, ან სად განისვენებდა. უკრაინელმა მკვლევარმა დმიტრო კოსარიკმა აღმოაჩინა მასალები, საიდანაც ჩანს, რომ დავით გურამიშვილი 1792 წელს, 21 ივლისს, თავისივე დაბადების დღეზე გარდაიცვალა. განისვენებს ქ.მირგოროდში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. 1948 წელს გურამიშვილის საფლავი საგანგებოდ ინახულა ქართველ ლიტერატორთა დელეგაციამ, სადაც შალვა დადიანმა მის საფლავთან წარმოთქვა შემდეგი სიტყვები : ,,დიდო დავით, სამშობლომ დაგვაბარა გადმოგცეთ შენ მშობლიური ქვეყნის უზომო სიყვარული. ამიერიდან შენ აღარ ხარ უპატრონო და მიტოვებული. შენს წმინდა საფლავს აფარია მოძმე ხალხის სიყვარულის სათუთი კალთა.“ შემდეგ კი მთრთოლვარე ხელებით გახსნა პატარა პარკი და მთაწმინდიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და ვაჟა – ფშაველას საფლავებიდან აღებული თითო-თითო მუჭა მიწა მიაყარა, რომელზეც მთელი სიცოცხლე ნატრობდა პოეტი.

პოპულარული სტატიები

თბილისში ცნობილი ქართველი მოჭადრაკეების სახელობის ბაღი გაშენდება

თაკო

“ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ნაჩხუბარ ხალხს ვარიგებ”

თაკო

რაში დახარჯავს ლადო აფხაზავა მილიონ დოლარს გამარჯვების შემთხვევაში?

თაკო
გადასვლა....