NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ტრაგედია პარლამენტთან (ბლოგი)
ბლოგი მთავარი გვერდი პოლიტიკა საზოგადოება

ტრაგედია პარლამენტთან (ბლოგი)

17 ივნისს ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში 19 ივნისს იგეგმებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება, რომელსაც რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი დაესწრებოდა.

ამ ფაქტისთვის დიდად ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან არც ვიცოდი რომელი დეპუტატები ჩამოდიოდნენ და ისიც არ ვიცოდი სად ტარდებოდა ეს შეხვედრა.

19 ივნისს ტელევიზორში ვხედავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე აღარაა თმაქოჩორა ბიჭი და მეტიც იგი მელოტია. ჰოი საოცრებავ, კარგად დავაკვირდი და რას ვხედავ, ეს სულაც არ არის ირაკლი კობახიძე. არც მეტი არც ნაკლები იგი სერგეი გავრილოვია, ადამიანი რომელიც აფხაზეთის ომის დროს ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა. გავცოფდი, მომენტალურად იმძლავრა ჩემში პროტესტის განცდამ, ისევე როგორც ათასობით ქართველში და გავემართე პარლამენტისკენ, რათა ჩემი გულწრფელი პროტესტი გამომეხატა ღიად, თანამოაზრეებთან ერთად.

19:00 საათზე დაიწყო აქცია პარლამენტთან, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, მე თუ მკითხავთ ყველაზე ლეგიტიმური და რაციონალური მოთხოვნა ამ სიტუაციაში. მშვიდობიანი აქცია გრძელდება და მთავრობის მხრიდან არ ჩანს, რომ აპირებენ ჩვენი მოთხოვნები შეასრულონ, იმატებს პროტესტის განცდა.

გვახსენდება ჩვენი გმირები, რომლებმაც ადამიანისთვის მინიჭებული ერთ-ერთი მთავარი ღირებულება – სიცოცხლე სამშობლოს შესწირეს, გვახსენდება 9 აპრილი, აგვისტოს ომი, აფხაზეთის ომი და თვალწინ გვიდგას კობახიძის ადგილას წამომჯდარი გავრილოვი.

ამაზრზენი სანახავი იყო.

10 საათზე სიტუაცია დაიძახა, ვინაიდან მოთხოვნები არ სრულდებოდა აქციის მონაწილეების ნაწილმა გადაწყვიტა პარლამენტში შესულიყო და სწორედ იქ დაიწყო ტრაგედია. სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს ადამიანებს სახეში ესროდნენ, უმოწყალოდ, ყოველგვარი ადამიანობის და თანაგრძნობის გარეშე. ცივსისხლიანები(სპეცრაზმელები) არავის ინდობდნენ, არც ბავშვებს, არც ქალებს არც კაცებს. ადამიანები ერთი მეტრის მანძილიდან უყვიროდნენ, რომ გაჩერებულიყვნენ და ისინი სროლას აგრძელებდნენ.

აგრესიას ვეღარ ვიტევდი გულში, არ ვიცოდი რა მეღონა. დასისხლიანებული, გონებადაკარგული ადამიანები გამოყავდათ აქციიდან. ზოგს თვალში ჰქონდა მოხვედრილი ტყვია, ზოგს სხეულის სხვა ნაწილებში. ეს დღე ჩემს გონებაში აღიბეჭდება, როგორც საშინელი სისხლისღვრა. დიახ, 20 ივნისი იყო სისასტიკის გამოვლინება მთავრობის მხრიდან მოქალაქეებისადმი.

შემდეგ იყო ცრემლსადენი გაზი და ჭყლის ჭავლი. უბრალოდ ხელებაწეულ ადამიანებს ესროდნენ ეს არადამიანები. არ ვიცი რა ვთქვა, კარგს ვერაფერს ვიტყვი. მე 20 ივნისს საბოლოოდ შემზიზღდა ჩვენი ხელისუფლება. შემზიზღდა იმიტომ, რომ სიცოცხლით სავსე ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიეს, დაამახინჯეს, გადაუარეს, მაგრამ ვერ წაართვეს ღირსება, თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილი და ვერც ვერასდროს წაართმევენ.

8 საათი გრძელდებოდა აქციის დაშლა, საბოლოოდ კი:

  • ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი;
  • დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი;
  • დაშავებულებს შორის მოხვდა 80 პოლიციელი;
  • დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა;
  • აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება;
  • შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.

და დღეს ისევ გრძელდება აქციები და გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგება. ხელისუფალი, რომელიც “სკამის” გამო თავის მოქალაქეებს უმოწყალოდ მოექცევა, იგი არათუ უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან, არამედ პასუხისგებაშიც უნდა მიეცეს. თუმცა, ეს ადამიანები უსინდისოდ განაგრძობენ თავის გამართლებას.

ვნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენები, მე პირადად დანებებას არ ვაპირებ.

ლაშა ჯანჯღავა

პოპულარული სტატიები

რეჟისორი გიორგი დანელია საავადმყოფოში გადაიყვანეს

თაკო

ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

მთავარი რედაქტორი

ქართველი წყალბურთელები დღეს თურქეთს შეხვდებიან

გადასვლა....