NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ახალგაზრდა დედის წარმატებული კარიერა – ინტერვიუ სტუდია “თოლიგეს” დამფუძნებელთან
ბლოგი კულტურა მთავარი გვერდი საზოგადოება

ახალგაზრდა დედის წარმატებული კარიერა – ინტერვიუ სტუდია “თოლიგეს” დამფუძნებელთან

,,ადვილი არ იყო, მაგრამ მჯეროდა, რომ აუცილებლად მივაღწევდი მიზანს!“

მარიამ შეროზია 23 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც გასულ წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქ.ჯვარში საკუთარი სტუდია – “თოლიგე” დააფუძნა.

ამ სტუდიაში ნებისმიერ მსურველს, ასაკის შეუზღუდავად, შეუძლია ეზიაროს ქართულ მუსიკას და გამოიმუშავოს სასცენო უნარები.

“ნიუსმედია” შეეცადა უფრო მეტი გაეგო “თოლიგესა” და მის დამფუძნებელზე, ამიტომ გთავაზობთ ვერიკო კვარაცხელიას მიერ მომზადებულ ინტერვიუს მარიამ შეროზიასთან.

“ნიუსმედიასთან” საუბარში ,,თოლიგეს“-ს ხელმძღვანელი ემოციურად იხსენებს პირველ მოსწავლესთან შეხვედრას

– მარიამ, საიდან გაჩნდა იდეა, რომ დაგეარსებინათ სტუდია?

– შექმნის იდეა, ძალიან ემოციური და სენსიტიურია ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ საქმეს დავუბრუნდებოდი, მაგრამ ცხოვრებაში დამიდგა პერიოდი, როცა პირველ რიგში საკუთარი თავის გადარჩენაზე უნდა მეფიქრა და ხსნა სწორედ სიმღერაში იყო. ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მჯეროდა, რომ მონდომება და სურვილი აუცილებლად მიმიყვანდა სასურველ შედეგამდე.

– რას ნიშნავს ,,თოლიგე“ და რატომ შეურჩიეთ სტუდიას ეს სახელი?

– დანამდვილებით ვიცოდი, რომ სახელი აუცილებლად ძალიან მდიდარი და ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მეგრული ენიდან უნდა შემერჩია. ,,თოლიგე“ უძველესი მეგრული სიტყვაა და – თვალის ჩინს ნიშნავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლეები, ჩემი თვალის ჩინები არიან და სახელიც ძალიან სწორად არის შერჩეული.

– დღესდღეობით რამდენი აღსაზრდელი ყავს თქვენს სტუდიას?

– დღითიდღე ვფართოვდებით და ვიზრდებით, ერთი მოსწავლით დავიწყე და ამ ეტაპზე 21 მოსწავლეა რეგისტრირებული სტუდიის ბაზაზე.

– თქვენი მოსწავლეების მიღწევებზე რას გვეტყვით?

– ძალიან წარმატებული ბავშვები მყავს. აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში რაიონის მასშტაბით. არაერთი სიმღერა გვაქვს ჩაწერილი და ასე აქტიურად და შემართებით მივიწევთ წინ.

– სამომავლო გეგმები…

– ვინაიდან მოთხოვნა იზრდება, მეტი გამოწვევის წინაშე დავდექი. ამჟამად იჯარით მაქვს ფართი აღებული და ვფიქრობ მალე მოვახერხებ იმას, რომ ფართში არ მომიხდეს თანხის დახარჯვა. მოგეხსენებათ, ჯვარი საზღვრისპირა სოფლებთანაა ახლოს და ჩემი მიზანი, სწორედ მათი მოზიდვა გახლავთ. ახალი სასწავლო წლიდან ფოლკლორის წრის დამატებას ვგეგმავ, სადაც ბავშვებს საშუალება ექნებათ ხალხურ სიმღერებსა და საკრავებს დაეუფლონ. მოკლედ, მიზანი ბევრია და სტრატეგია ისევ ის, რომ მიზანს ყოველთვის ვაღწევ და არც ეს არ იქნება განონაკლისი.

– გარდა ამ საქმისა, ვიცით რომ სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც არის თქვენს ცხოვრებაში.

– დიახ! ჩემი კიდევ ერთი და მთავარი პროფესია ჟურნალისტიკაა. ეს არის ჩემი ახდენილი ოცნება. ამჟამად რადიო ,,ათინათში’’ ვმუშაობ, მუსიკალური გადაცემის წამყვანი ვარ. გარდა ამისა, ძალიან ბევრ პროექტში ვარ ჩართული და აქტიურად მივყვები ცხოვრების ეკლიან ბილიკებს.

– პირად საუბარში ახსენეთ, რომ ცხოვრების მთავარი მონაპოვარი გყავთ..

– ჰო, ამაზე დაუსრულებლად შემიძლია გესაუბროთ. ის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ეს ჩემი შვილია! ჩემი სტიმული! 4 წლის წინ დაიწყო ჩემი წელთაღრიცხვა და მას მერე ყველა წამი და ყველა ნაბიჯი მას ეძღვნება.

– ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

– პირველ რიგში საკუთარი თავი, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი და რომლისაც ყველაზე მეტად მჯერა. (ჩემს დამოუკიდებლობას დააბრალეთ), შემდეგ დედა და მთელი ჩემი ოჯახი!

– იყო დედა და თან გქონდეს წარმატებული კარიერა. როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს?

– მარტივი არ არის. შვილი უმთავრესია, ამიტომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ვცდილობ სულ გამოვნახო მისთვის დრო. ძალიან თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ძალიან კარგი დედა ვარ. სახლშიც კვირაში მხოლოდ ერთხელ მხედავენ, მაგრამ გაჩერების და დანებების უფლება არ მაქვს.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ადგანან გზას წარმატებისკენ?

– უმთავრესი არის რწმენა და სურვილი, რომ აკეთო ის რისი კეთებაც გსურს. ვიმეორებ, რომ ადვილი არ არის, მაგრამ სირთულეში უფრო საინტერესოდ ვითარდება ყველაფერი. არ უნდა შეუშინდეთ არანაირ დაბრკოლებას. წარუმატებლობასაც უნდა მოელოდეთ, მაგრამ წინასწარ უნდა გქონდეთ განსაზღვრული როგორ უნდა აჯობოთ მას. არ დაიზაროთ და გულით, სუფთად და რწმენით აკეთეთ საქმე.

არ დავიღალოთ და არავის და არაფერს მივცეთ უფლება, რომ წაგვაქციოს! – ესაა მთავარი!

პოპულარული სტატიები

“დამშეული ხალხი მარიხუანას მოყვანასაც დათანხმდება და სათავეშიც ჩაუდგება, ოღონდ თავი გადაირჩინოს”

თაკო

“ბატონო პრეზიდენტო, შეიწყალეთ ლევან როსტოშვილი, არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია”

თაკო

“ვერანაირი თქვენი აგრესია ჩემს აზრს ვერ შემაცვლევინებს”

თაკო
გადასვლა....