NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გახსნაზე იდეის ავტორი სტუდენტები არ დაპატიჟეს – მოპარული ინიციატივა
საზოგადოება

ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გახსნაზე იდეის ავტორი სტუდენტები არ დაპატიჟეს – მოპარული ინიციატივა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელ საქართველოსთან ერთად ქ.წალენჯიხაშიც აღნიშნეს. ამ დღეს, სიმბოლურად, ქალაქის ცენტრში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გახსნეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, “ეროვნული მოძრაობის” წევრებმა და მოქალაქეებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, ასევე აღევლინა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიუსტის გახსნაზე არ მოიწვიეს ამ იდეის ავტორი 44 სტუდენტი, რომლებმაც გასული წლის შემოდგომაზე ადგილობრივ საკრებულოში განცხადება შეიტანეს – დაედგათ ზვიად გამსახურდიას მემორიალური ბიუსტი ქ.წალენჯიხაში.

როგორც ამ იდეის ავტორთთაგანი, გიორგი არქანია სოციალურ ქსელში წერს, მან ბიუსტის გახსნის ამბავი “ფეისბუქით” გაიგო და ისევე როგორც სხვებისთვის, არც მისთვისაც შეუტყობინებიათ ეს ამბავი.

ამასთან დაკავშირებით, არქანია სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც დეტალურად ყვება იდეის დაბადებიდან – ბიუსტის გახსნამდე განვითარებულ მოვლენებს.

გთავაზობთ გიორგი არქანიას წერილს უცვლელად:

“წალენჯიხა კვლავ საქართველოს სიმბოლოდ რჩება

მეგობრებს და ჩემს გარშემო მყოფთა უმრავლესობას კარგად მოეხსენება ეროვნული მოძრაობის, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ. ეს ჩანაწერიც ამ თემას ეხება და ამავე დროს, იმ გულდასაწყვეტ სიტუაციას, ჩვენს ქვეყანაში რომ არის გამეფებული.

სოციალურ ქსელში ხშირი ჩანაწერებით არ გამოვირჩევი და ბევრის მსგავსად, მეგობრებისთვის არც არასდროს მითხოვია რომელიმე პოსტის აუცილებლად წაკითხვა. ამ შემთხვევაში მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ საინტერესო მოვლენას და დეტალურად მოგიყვეთ მის შესახებ.

გასული წლის შემოდგომაზე 44-მა წალენჯიხელმა სტუდენტმა ადგილობრივი საკრებულოს სახელზე განცხადება შეიტანა. ისინი საკმაოდ ვრცლად და არგუმენტირებულად ითხოვდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღნიშვნას და ქალაქის ცენტრში მისი მემორიალური ბიუსტის აღმართვას.
განცხადებაში შავით თეთრზე ეწერა, რომ ზვიად გამსახურდიას მჭიდრო კავშირი ჰქონდა წალენჯიხასთან. 1993 წლის აპრილში გაზეთ „წალენჯიხის ზარებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა: „წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოდ მესახება“. იმავე წლის 25 სექტემბერს ის ჩვენს ქალაქში ჩამოვიდა და ათასობით წალენჯიხელის წინაშე განაცხადა: „ყველაზე დიდი დარტყმა ამ ხელისუფლებისგან მიიღო წალენჯიხამ. ყველაზე მძიმე განსაცდელი გადაიტანა, ყველაზე დიდი უბედურება აქ დატრიალდა. სწორედ ამან გამოაჩინა თქვენი სიმტკიცე, თქვენი ძალა, თქვენი ვაჟკაცობა და კანონიერიერების ერთგულება. ამიტომ მიყვარხართ თქვენ და ამიტომ უყვარხართ თქვენ მთელს საქართველოს“.

ახალგაზრდების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს ბიუსტი უნდა ყოფილიყო ქართველი ერის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ხანგრძლივი და ტკივილიანი ბრძოლის სიმბოლო. ამავე დროს, სიმბოლო იმისა, რომ ჩვენს თაობას შეგნებული აქვს წინამორბედთა მიერ სისხლის ფასად შენარჩუნებული თავისუფლების ფასი და ჩვენც მზად ვართ, მუდმივად ვიბრძოლოთ დღევანდელი უმძიმესი მდგომარეობის შესაცვლელად, უკეთესი მომავლის ასაშენებლად.

აუცილებლად უნდა აღვინიშნო, რომ პირველი პრეზიდენტის სახელის უკვდავყოფის ინიციატივა ჩვენს რეგიონში ბევრჯერ წამოჭრილა. ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებმა რამდენიმე წლის წინაც აღძრეს ეს საკითხი, მაგრამ უშედეგოდ. ადგილობრივ ხელისუფლებას ამისთვის არ ეცალა, მაშინ სხვა დრო იყო, სხვა სიო ჰქროდა, იმჟამად ზვიადის სახელის გამოყენების საჭიროება მწვავედ არ იდგა.

ახალგაზრდების გააქტიურების შემდეგ ეს საკითხი დაიძრა და დადებითად გადაწყდა – გასული წლის მიწურულს ბიუსტის აღმართვის გადაწყვეტილება მიიღეს. გვქონდა შეხვედრების ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. ვითხოვდით კომისიაში ჩვენი წარმომადგენლის შეყვანას, ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებას და ა.შ. საწყის ეტაპზე თითქმის ყველაფერი პოზიტიურად მიდიოდა.

თუმცა, სიტუაცია მალევე შეიცვალა.

უარი გვითხრეს აღნიშნულ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე, პროექტის საფუძვლიან განხილვაზე. წარმოდგენილი ერთადერთი ნიმუშის განხილვაც სახელდახელოდ წარიმართა. ჩანიშნული შეხვედრის შესახებ მხოლოდ წინა დღეს დაგვირეკეს და ფორმალურად გაგვაფრთხილეს. რა თქმა უნდა, პირადად მე და უმრავლესობამ ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ თბილისიდან წალენჯიხაში ჩასვლა, ამიტომაც შეხვედრას ჩვენი ერთ-ერთი წარმომადგენელი გოგონა დაესწრო.

განხილვის მიმდინარეობისას ძალიან სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდექით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალგაზრდებს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირა. ისინი უხეშად ითხოვდნენ ჩვენი წარმომადგენლის მიერ შეხვედრის დატოვებას, რადგან განსახილველი საკითხი „ცინგლიანი ბავშვების“ გასარჩევი და მითუმეტეს, მათ მიერ განსახორციელებელი არ იყო. მოკლედ, იყო ყვირილი, დებოში, უტაქტო მიმართვები ჩვენი წარმომადგენლის მიმართ და ა.შ.

ამის შემდეგ არანაირი კონტაქტი აღარ ყოფილა. ვცადეთ მათთან დაკავშირება, თუმცა ყურმილს აღარ იღებდნენ, მოკლედ გასაგები იყო – ხელისუფლებას არ აწყობდა რაიმე ფორმით ახალგაზრდების სახელის გაჟღერება.
31 მარტმაც ჩაიარა… ბიუსტის გახსნა გადადეს და ინიციატორებს არც შეატყობინეს.

24 მაისია. შემთხვევით ვეცნობი ერთ-ერთი მეგობრის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ მოსაწვევს. ტექსტი: „ბატონ ……….. -ს. მიმდინარე წლის 26 მაისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია გიწვევთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე – „შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი“. გთხოვთ მობრძანდეთ! დასაწყისი 12:00 საათზე“.

მოსაწვევებს ვინ ჩივის, ინფორმაციაც კი არ მოგვაწოდეს. არც ზარი, არც წერილი, არცერთი სიტყვა…

დღეს ამ ღონისძიებამ მისი მთავარი ინიციატორების გარეშე ჩაიარა და საჯარო სივრცეში მოურიდებლად გაჩნდა ასეთი სიტყვები: „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა…“

ამ მარაზმით თავს ძირითადად ის ადამიანები მოიწონებენ, რომელთათვის ეს ბიუსტი მხოლოდ და მხოლოდ წყალში გადაყრილი 3000 ლარია (ან ცოტა მეტიც), ცოტა პოლიტიკური ქულების დაწერის შანსი და ცოტაც სატელევიზიო პიარ-კამპანია…

მათთვის ზვიად გამსახურდია ახალი კერპია, რომელიც ხელისუფლების დაისის მოახლოვების დროს აღიმართება ხოლმე. კერპი, რომლის არ სწამთ, მაგრამ ყოველი წლის გაზაფხულზე ყვავილები რომ უნდა შესწირონ და ფარისევლურად თავიც დაუკრან. თუ ძალიან უჭირთ, დაუჩოქებენ კიდეც. ეს ყველაფერი ხომ აუცილებელი რიტუალია, რადგან ამის გარეშე მათი პოლიტიკურ მოღვაწეობას დიდხანს გაგრძელება არ უწერია.

და როგორ არ უნდა გაგახსენდეს ილია, ეროვნული იდეებისთვის თავდაუზოგადავად მებრძოლი, რომლის ე.წ. „რეაბილიტაცია“ ბოლშევიკებმა დაიწყეს. იმ ხალხმა, მას სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ტალახს რომ ესროდნენ და მისი მკვლელობა რომ შეამზადეს…

იგივე სიტუაციაა დღესაც. დღევანდელი „მეუმრავლესეების“ ლიდერთა უმრავლესობა თავის დროზე ზვიად გამსახურდიას დასცინოდა, ფსიქიკურად შეშლილადაც კი რაცხავდა, პოლიტიკოსობას უწუნებდა და მის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობას სერიოზულად არც აღიქვამდა.
დღეს კი…

დღეს ჩატარებული ღონისძიების სახელწოდებად, თურმე, შეურჩევიათ „შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი“.
ისევ ლიტონი სიტყვები, ისევ ტყუილი, თვალებში ნაცრის შეყრა…
თქვენ, მეგობრებო, ახალგაზრდებთან და ქვეყნის მომავალთან ბრძოლით, არათუ „შემოაქსოვთ ჯაჭვის პერანგს საქართველოს“, არამედ ამ ძველ, გახუნებულ და დაფლეთილ ბადენსაც გახდით და გააშიშვლებთ მას.

ჩვენს საქართველოს, დღეს, სახარებისეულად რომ ვთქვათ, „ჩრჩილი და ჟანგი სპობს“, ამ ქვეყნის სიმდიდრეს „ქურდები თხრიან და იპარავენ“.

რაღა გავაგრძელო, ამ თემაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება.
ბოლოსკენ უბრალოდ ერთს აღვნიშნავ.
გაუთვალისწინებიათ ჩვენი შენიშვნა და კვარცხლბეკზე წაუწერიათ ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „წალენჯიხა საქართველოს სიმბოლოა“.
წალენჯიხა 1993 წელს ნამდვილად იყო საქართველოს სიმბოლო.
წალენჯიხა დღესაც საქართველოს სიმბოლოა… დაქუცმაცებული, გაღატაკებული, ნიჰილიზმითა და უნდობლობით აღსავსე საქართველოს სიმბოლო.

და მაინც, იმედით ვარ განწყობილი.
იმედი მაქვს ჩემი მეგობრების, თანატოლების, ახალგაზრდების, რომელნიც იძლებულნი არიან ბიუსტების აღმართონ, რათა როგორმე, ამ ფორმით მაინც, მუდმივად შეახსენონ საზოგადოებას პიროვნული/ეროვნული თავისუფლების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამშობლოს სიყვარულის უზენაესი იდეები.
დაე, „იმათაც“ შეიგნონ, რომ არ უნდა ეშინოდეთ ახალგაზრდების, არ უნდა გაურბოდნენ მათთან კომუნიკაციას და მითუმეტეს, არ უნდა იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ.
წყენის, ურთიერთდაპირისპირებისა და მრავალი უხერხულობის მიუხედავად, ამ ქვეყნის მომავალი ყველას ერთად გვაქვს ასაშენებელი.
ყველას გილოცავთ 26 მაისს!
ღმერთი იყოს საქართველოს და მისი მომავლის მფარველი!” – წერს არქანია სოციალურ ქსელში.

უნდა აღინიშნოს, რომ წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარ გოგა გულორდავას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ბიუსტის გახსნის ინიციატორად ადგილობრივი თვითმმართველობაა მოხსნენიებული.

პოპულარული სტატიები

“რა მაგარია რომ ამ ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი მერიკოა, ვიდრე გოგა ხაინდრავა” (ფოტო)

თაკო

“ენუქიძისთვის არავის გაუბედავს იმდენი, რამდენსაც ზაზა სარალიძეს უბედავენ”

თაკო

“თუ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი, მას ჰგონია, რომ 10 ლარიანი მედიკამენტი არის ძვირი”

თაკო
გადასვლა....