NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » თავისუფლება – შედეგი თუ წინასიტყვა
ბლოგი მთავარი გვერდი

თავისუფლება – შედეგი თუ წინასიტყვა

გვეუბნებიან, რომ ომი დასრულებულია, თავისუფლები ვართ, მაგრამ ჩვენი ყოველდღიურობა არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების პროცესით, არამედ მეტაფორულ ანალიზთა მიღმა, არარსებულ სივრცეში მოელვარე გმირებით განისაზღვრება. ისინი გამუდმებით გვახსენებენ ვერ მიღწეულ ბედნიერებას; არ შემდგარ შვებას; უიმედობასა და უპატივცემულობის დასაბამს. უკანასკნელ წლებში, ქართველმა ერმა, როგორც არ შემდგარმა საზოგადოებამ, ხოლო შედეგად ვერ შემდგარმა სახელმწიფოებრიობამ მრავალი ტკივილი მიაყენა საკუთარ თავს. მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ტანჯვისა, 1989 წელი ალბათ ყველაზე ტრაგიკული და მნიშვნელოვანი იყო ქართველი ერისთვის, რადგან სწორედ მისი შედეგებიდან გამომდინარე „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“ – 1991 წლის 9 აპრილს – თითქოს პირველად და საბოლოოდ. არავის არ აქვს უფლება თავისუფლების იარლიყით იაროს და თავი მოიწონოს – ეს შტამპია.

პერცეფციები და განმარტებები არ გვჭირდება იმისთვის, რომ შევიგრძნოთ რეალობის ტრაგიზმი. იმ ავადმყოფური სიყვითლის ფონზე, რომელიც თანამედროვე ერთიანობის განცდაში გამოსჭვივის. არსებობს ყველაზე მტკივნეული და ძლიერი განცდა არსებობისა – ახალად დაბადებისა 1989–91 წლებში. თითქოს ლაზარე აღდგა, მაგრამ იგი მაინც ფიტულად რჩება; ცოცხალია მაგრამ ხრწნის პროცესი არ შენელებულა, პირიქით, რამდენ ნაბიჯსაც იგი გადადგამს, ყოველჯერზე უკვდება უჯრედები, რადგან მისი ზე–ბუნებრივი სიცოცხლე მხოლოდ ფორმალური გამოვლინების ნაირსახეობაა. იგი აღარ არსებობს, როგორც პიროვნება, რადგან მან სიცოცხლე იმაზე ადრე დაიჯერა, ვიდრე შეიგრძნობდა და მისთვის მსხვერპლსაც გაიღებდა, როგორც ფუტკარი აღიგზნება ზამბახების სურნელებაზე და მისთვის სიცოცხლეც უღირს.

ის, რომ ჩვენს თავისუფლებას 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიით განვსაზღვრავთ, ჯერ კიდევ არ შეგვიძლია გვეწოდოს თავისუფალნი, რადგან იგი არანაირ გარანტიას არ გვაძლევს, რომ ხვალაც თავისუფლები ვიქნებით – თავისუფლება ყოველწამიერი აქტია და იგი არ განისაზღვება კონკრეტულად რომელიმე წლით, დღით, საათით ან წამით. თავისუფალი ხარ მაშინ, როდესაც იბრძვი, როდესაც წარსულისა და მომავლის მიღმა ხარ. თავისუფლება მარადიული ბრძოლაა. მსოფლიო მარადიულ დინებაში არსებობს. მარადიული ახლა – აწმყოში და არა სხვაგან, ჯერ არ არსებულში. თავისუფლება რომ მოიპოვო, უნდა გიყვარდეს, უნდა გძულდეს, ერთდროულად ომშიც უნდა იყო და მშიდობაშიც; ერთდროულად ღმერთიც უნდა იყო და ადამიანიც; ერთდროულად ცოცხალიც უნდა იყო და მკვდარიც. არ არსებობს თავისუფლების რაღაც დროითი განსაზღვრება; არ არსებობს თავისუფლების მონოტონურობა. მაგრამ ჩვენი ყოფა სხვანაირია, მოვიპოვეთ თავისუფლება და სამყარო ვარდისფერია, ტკივილი მშვენიერია.

სადღაც ჯორჯ სანტაიანამ შენიშნა: ‘მხოლოდ მიცვალებულები განსაზღვრავენ, ხედავენ ომის დასასრულს–ო.’ – და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მიცვალებულებით განისაზღვრება ომის დასასრული, არამედ – თუ ომის დასასრული უკვე განვსაზღვრეთ, მაშინ მოვკვდით. და თუ ასეა, ნუ განვსაზღვრავ ომს დასრულებულად, როგორც პიროვნულად ასევე კოლექტიურად. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. არ მჯერა, რომ თავისუფლების მოპოვებისთვის მადლობის გადახდა მადლიერების გამოხატვის სწორი ფორმაა. უნდა ითქვას – მეც შენთან ერთად მჭირდება თავისუფლება, შენთან ერთად უნდა აღვესრულო! სხვა შესაძლებლობის განხილვა მხოლოდ ფარისევლობა და გამოყენებაა.

გიორგი ქურდაძე

პოპულარული სტატიები

გორში ხელოსნების სახლი შენდება

მთავარი რედაქტორი

გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა ძვირდება

მთავარი რედაქტორი

ქართველი კალათბურთელების მარცხი საცობმა გამოიწვია

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....