NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ჩემი სოფელი იცლება
ბლოგი სამეგრელო ზემო-სვანეთი

ჩემი სოფელი იცლება

დასავლეთისკენ მიმავალი წალენჯიხასთან, მარცხნივ, ლაკადის მთებისკენ თუ გაიხედავთ, ულამაზეს სოფელს დაინახავთ. ეს ჩემი სოფელია – ჯგალი. მისი სახელის ხსენებაზე გული სიხარულით მევსება, რადგან ჩემთვის ბავშობასთან, ბედნიერებასთან, წარმატებასთან, სითბოსა და სიყვარულთან ასოცირდება. მაგრამ როცა ვუფიქრდები, ნაწილობრივ გულიც მწყდება, რადგან რაც დრო გადის, თანდათან უფრო მოწყენილი მეჩვენება აქაურობა.

ჩაშავებული, მხრებჩამოყრილი, მიტოვებული სახლები, სევდიანი ორღობეები, ჩახრამული გზები. მოივლი მთელ სოფელს და ადრინდელ ჟრიამულს ვერ იგრძნობ. უამრავი მიგდებული, უყურადღებოდ დატოვებული შენობა და თვალცრემლიანი ადამიანები, რომლებიც სამსახურს ვერ პოულობენ, ღვთის ანაბარად არიან დარჩენილნი.

ადრე ჩემი სოფელი უფრო ხალხმრავალი იყო. მერე ნელ-ნელა დაცარიელდა. ადრე რამდენიმე კოლმეურნეობის შენობა, სანატორიუმი და ამბულატორიაც იყო, მაგრამ ახლა, არც ერთია და არც მეორე. ყველაფერი დაიწვა, მიწასთანაა გასწორებული. როგორც მამაჩემი მიყვებოდა, ძველად ყველა ოჯახი იყო დასაქმებული. ირგვლივ კაცს ვერ ნახავდი შემოსავალი რომ არ ჰქონდა ისეთს. ჩაის კრეფდნენ, შრომობდნენ და თავს უპრობლემოდ ირჩენდნენო. მაგრამ ახლა, არც ის ჩაის პლანტაციებია, უწინ ყველა ოჯახისთვის შემოსავლის წყაროს რომ წარმოადგენდა.

ჯგალში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. იმის გამო, რომ მუდმივი სამუშაო ვერ ნახეს, სოფლის არაერთმა მცხოვრებმა საკუთარი სახლი დატოვა და უცხოეთში წავიდა. სამუშაოდ ძირითადად იტალიაში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიდიან. სოფელში ახალგაზრდებიც თითქმის აღარ არიან, ბევრი მათგანი სასწავლებლად დედაქალაქში გადავიდა, ბევრინ კი სამუშაოდ ხან სად დადის, ხან სად. ამ უკანასკნელს კი იმ შედეგამდე მივყავართ, რასაც სოფელი თანდათან დაცლა ჰქვია. ჯგალი ყველაზე აქტიურ, ენერგიულ და მრავალფეროვან ფაზაში მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულშია. მაშინ, როდესაც მდინარის სეზონი იწყება და ზაფხულის სუსხი არემარეს სიურპრიზებით ავსებს. წელიწადის ამ დროს, ყველა ეზო სავსეა ახალგაზრდებით. შეუძლებელია გზად მიმავალს გუნდად შეკრებილი ბავაშვების ბრბო არ შეგეჩეხოს. ზოგი მოედანზე მიდის ბურთის სათამაშოდ, ზოგი მდინარეზე, ზოგი კი სეირნობს და ბუნების გრანდიოზულობით ტკბება. ეს სამი თვე ყველაზე მეტად უხდება ჯგალს. თითქოს ამ პერიოდში ხელახლა იბადება, ახალ სიცოცხლეს იძენს. ყოველი დილა მერცხლების ჭიკჭიკით იწყება და გვიანობამდე ცენტრში შეკრებილი ბავშვების ჟრიამულის ხმით მთავრდება, მაგრამ ეს აქტიური ცხოვრება ზაფხულის დამთავრებასთან ერთად მთავრდება.

ჩამოსულები უკან ბრუნდებიან, ხოლო ადგილობრივები ჩვეული რიტმით განაგრხობენ ცხოვრებას. დარაბებს მიღმა გაზაფხულია?! რამდენად შეესაბამება ეს ფრაზა სინამდვილეს ნისლით არის მოცული, თუმცა რეალობის სხივს ვერანაირი ნისლი გაუძლებს და ბოლოს, დარაბებს მიღმა სოფელია და სოფლის პრობლემები, რომელიც აღმოფხვრას საჭიროებს.

ანი კვარაცხელია

პოპულარული სტატიები

ვის გადაეცემა ინგლისური გვირგვინი?

შაკო ოდიშვილი

“ყველაფერს გავაკეთებ, “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნდეს”

თაკო

“ნუ მოტყუვდებით, პატივცემულო ამომრჩევლებო! ეს წინასაარჩევნო მორიგი დაბოლებაა”

თაკო
გადასვლა....