NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » სოციალური მუშაკები დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცებიან, არასამთავრობო ორგანიზაციები შეისწავლიან მათზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს
სიახლეები

სოციალური მუშაკები დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიფიცებიან, არასამთავრობო ორგანიზაციები შეისწავლიან მათზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს

25 მარტს, დილის 08:30 საათიდან, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროებით, მათი მოთხოვნების შესრულებამდე, უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე და იფიცებიან.

გაფიცვაში მონაწილეობის შემთხვევაში, ზოგიერთ სოც. მუშაკს მათი ხელმძღვანელები სხვადასხვა სახის უარყოფითი შედეგებით ემუქრებიან, ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს”

სოც. მუშაკი თამარ ღუნაშვილი, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის განყოფილებაში მუშაობს ამბობს, რომ მას სამსახურის უფროსი დაემუქრა:

 “პარასკევს შემხვდა თავის სამუშაო ოთახში. მითხრა, რომ თუ გაფიცვაზე გავიდოდი, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ სამსახურიდან გავეშვი, თანაც ისე, რომ ვეღარსაც ვეღარასოდეს მუშაობა ვეღარ დამეწყო და შვილები მშიერი დამრჩებოდა”.

 

EMC განმარტავს:

” გაფიცვის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და დაუშვებელია კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის გამო, დასაქმებულის დაშინება ან/და მასზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება.”

“გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისაგან წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლების რეალიზაცია სრულყოფილად შეძლონ, იმის მიუხედავად, თუ ამ აქტს რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვა ჯგუფების მდგომარეობაზე. სოციალური მუშაკების უფლებების ეფექტიანი დაცვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სწორედ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების ინტერესებზე აისახება დადებითად.”- წერია EMC-ის წერილში.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, აგრძელებს შესწავლას სოციალურ მუშაკებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. ეს ორგანიზაციები არიან:

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)

სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი

 

არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მოთხოვნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან:

1.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ უზრუნველყონ თანამშრომელთა გაფიცვის უფლების რეალიზების სრული და განუხრელი დაცვა, რაც მათ შორის უნდა გამორიცხავდეს დასაქმებულთა მიმართ ყევლა სახის ზეწოლას,სოციალური მუშაკების დაშინებას სამსახურიდან გათავისუფლების, დისციპლინური თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარის სახით და დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მათი თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული მუქარის ყველა მსგავს შემთხვევაზე;

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შემთხვევები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)

სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი

პოპულარული სტატიები

#სადგურისთვის

მთავარი რედაქტორი

ქუთაისში პარლამენტის თბილისში გადატანა გააპროტესტეს

ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 ადამიანი ემსხვერპლა

გადასვლა....