NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “პუტინი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე 2005 წელს იყო”
სიახლეები

“პუტინი გაცილებით აგრესიულია, ვიდრე 2005 წელს იყო”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის დროს ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საზოგადოების ეს ბიპოლარიზაცია, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც ასევე ვხედავ სხვა ქვეყნებში – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, ძალიან დესტრუქციულია დემოკრატიული სისტემებისთვის, რომელთა დამკვიდრებაც ჩვენ გვინდა და რომლისკენაც ვისწრაფვით, ეს ის არის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ამან მე დამიტოვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება და ვფიქრობ, პრეზიდენტის ფუნქციაა, განსაკუთრებით იმ პრეზიდენტის, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ არის, რომ ხელახლა შექმნას სოციალური კონსენსუსის გარკვეული ფორმა ანდა სტაბილურობა, როგორც არ უნდა ვუწოდოთ. თუმცა ეს ძალიან რთულია, რადგან პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, რომლებსაც ისეთი მეზობლები ჰყავთ, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად არ აზროვნებენ. ჩვენ გვჭირდება სოციალური კონსენსუსის განახლება, რადგან ეს არის თავდაცვის მთავარი საშუალება. ჩვენი თავდაცვა აქ იწყება, პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით ჩვენ ჯერ კიდევ სადღაც ვართ,  არა პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, მაგრამ სადღაც პოსტ პოსტსაბჭოთა პერიოდში. ჯერ კიდევ არ ვართ  შეუწყნარებლობის მიღმა, რაც ძალიან დამახასიათებელი იყო საბჭოთა სისტემისთვის და საბჭოთა მენტალობის მემკვიდრეობას წარმოადგენს. საზოგადოება ძალიან ინდივიდუალისტურია და შეუწყნრაებელია სხვების მიმართ, მე ვიტყოდი, რომ ეს განსაკუთრებით საზიანოა საქართველოს ეროვნული იდენტობისთვის, რაც ტოლერანტობაზე იყო დაფუძნებული”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება დღეს არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ვლადიმერ პუტინთან დიალოგის შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს:

“2005 წელსა და დღევანდელობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მე ვიტყოდი, რომ პუტინი იგივე აღარ არის, როგორიც მაშინ იყო. ის გაცილებით უფრო აგრესიულია მეზობლების მიმართ; რუსეთის ლიდერების ოფიციალური პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა დონეზე ასევე გაცილებით აგრესიულია. ასე რომ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაინაირ შესაძლებლობას, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების რაიმე ფორმას, რომელიც გვჭირდება.

ჩვენ გვჭირდება მუშაობა დეოკუპაციაზე, ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენ არ ვესაუბრებით ბატონ პუტინს და სხვებს, ჩემი მიმართვა ჩვენი პარტიორების მიმართ ის არის, რომ განახორციელონ ზეწოლა ისე, რომ რუსეთი დაუბრუნდეს მის მიერ ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებას და პატივი სცეს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას. რასაკვირველია, ეს დაუყოვნებლივ არ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას, ჩვენ ასე გულუბრყვილოდ არ ვფიქრობთ, მაგრამ  როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, მოვლენები ამ სამყაროში ძალიან სწრაფად იცვლება და შესაძლოა მოვიდეს ის დრო, როდესაც სიტუაცია შეიცვლება. ამ დროისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პოპულარული სტატიები

თაკო ნაცვილიშვილი იტალიური ბრენდისთვის გადაიღეს

მთავარი რედაქტორი

“მართლა დაინგრნენ ესენი ბიძინას გადამკიდე. და ქვეყანასაც ანგრევენ ბოლომდე”

მთავარი რედაქტორი

ქუთაისში ხანძარს 84 წლის ქალი ემსხვერპლა

გადასვლა....