NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “რეგიონებში უცხო ენების სწავლების დონე უნდა გავზარდოთ”
საზოგადოება

“რეგიონებში უცხო ენების სწავლების დონე უნდა გავზარდოთ”

თბილისსა და რეგიონებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა უცხო ენაში მოსწრებაში, ამიტომ განათლების სამინისტროს  ერთ-ერთი გადასაჭრელი საკითხი ისიც არის,  თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად იმისთვის, რომ გავზარდოთ სწავლების დონე უცხო ენებში, – ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდება.

სამუშაო შეხვედრის მიზანი ახალი მოდელის შესახებ მსჯელობა და კვლევის საბოლოო ანგარიშის წარდგენაა.

“დღევანდელი შეხვედრის მიზანია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცნოთ კვლევის შედეგები, რომელიც ეხება გამოსაშვებ გამოცდებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებს. გარდა ამისა, აქცენტი გავაკეთოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ უცხო ენების სწავლება განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან ჩვენი კვლევის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ თბილისსა და რეგიონებს შორის გვაქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები მოსწრებაში უცხო ენაში, ამიტომ ერთ-ერთი საკითხი ისიც იქნება, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად იმისთვის, რომ გავზარდოთ სწავლების დონე უცხო ენებში. კვლევა მიმდინარეობდა დაახლოებით ორი თვის მანძილზე, კვლევა მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივი კომპონენტს“, – განაცხადა გორგოძემ.

მისივე ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება მოხდა და ყველა იმ კვლევის შეჯერება, რაც დღემდე არსებობდა. ასევე გამოიკითხა ექსპერტები და დაახლოებით 80-მდე ადამიანი იყო ჩართული ინტერვიუებში და ფოკუს- ჯგუფებში.

“საუბარია გამოსაშვები გამოცდების კვლევაზე და ერთიანი ეროვნული გამოცდების კვლევაზე, ანუ ეს არის შეფასება იმ საგამოცდო და შეფასების სისტემის, რაც გვქონდა დღემდე საქართველოში. კვლევა იყო ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მიგვეღო გადაწყვეტილება”,- განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, გამოსაშვები გამოცდები განათლების ხარისხს არ ამაღლებდა, ასე რომ მისი მოხსნა განათლების ხარისხზე არ იმოქმედებს.

“მნიშვნელოვანია კომპლექსურად დაიგეგმოს განათლების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის, რომ შეფასების ტიპი და ფორმა შევცვალოთ, აქამდე ჩვენ გვქონდა ე.წ მაღალი რისკის შეფასებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შეფასების შედეგად ბავშვს შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგი დაუდგეს, ასეთი შეფასებების ნაცვლად, სადაც ბავშვები იჭრებიან და შემდეგ ვეღარ აგრძელებენ უმაღლეს განათლებას, ჩვენ დავგეგმავთ შეფასებებს უფრო დაბალ საფეხურებზე, ვთქვათ დაწყებითი საფეხურის ბოლოს, საბაზო საფეხურის ბოლოს, იმისათვის, რომ დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია მშობლებსაც, თვითონ ბავშვებსაც და სკოლებსაც, რა პრობლემები აქვთ და როგორ შეიძლება განვითარდეს ბავშვი. შეფასება უფრო მეტად გვინდა რომ იყოს განვითარებაზე ორიენტირებული. როცა 12 წლის ბოლოს ვაკეთებთ ამ გამოცდებს, ბავშვი იჭრება და აღარაფერი შეგვიძლია სკოლას რომ გავაკეთოთ, ჩვენ შეგვიძლია, რომ მანამდე მივცეთ ეს ინფორმაცია. თუ დაწყებითის და საბაზოს ბოლოს შევაფასებთ, არის დრო იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს, ვიდრე თორმეტი წლის ბოლოს რომ აღმოვაჩენთ, რომ თურმე ბავშვების უმეტესობა გვეჭრება. გამოცდების დანიშვნით ბავშვები არ შესულან სკოლებში, უფრო მეტი არ დადის, პირიქით, უფრო ნაკლები დადის, ანუ გამოცდების მოხსნით და პლუს სხვა მექანიზმებით, რომელიც იქნება მაგალითად ის, რომ სკოლების შიდა შეფასებასაც მიეცემა განსაკუთრებული დატვირთვა, ატესტატი გაიცემა შიდა შეფასების საფუძველზე, მასწავლებელი რა ნიშანსაც დაუწერს. თუ ბავშვი არ ივლის სკოლაში, მაშინ დირექტორმა და მასწავლებელმა არ უნდა დაწეროს ნიშანი, ეს მექანიზმები უნდა ამოქმედდეს, ასევე უნდა შემოწმდეს რამდენად ამოწმებს სკოლა და დირექტორი იმას, რომ ბავშვები დადიან სკოლაში, ასევე არის გარკვეული რეგულაციები, რომელიც ბავშვებს აძლევდა საშუალებას მაგალითად, 30% გაეცდინათ, ეს ფაქტობრივად მესამედია სასწავლო წლის, ამიტომ ასეთი რეგულაციები უნდა გადაიხედოს იმისთვის, რომ ბავშვები ნელ-ნელა დავაბრუნოთ სკოლაში, მასწავლებელმა და დირექტორმა უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა, იმისათვის რომ სკოლას მიეცეს მეტი როლი”,- განაცხადა გორგოძემ.

პოპულარული სტატიები

“პრეზიდენტად გინდათ ქალი, რომლის გამოჩენაც გრცხვენიათ?”

თაკო

“შარვალჩახდილი კაცი ომს ვერ იგებს, უკანალის დამიზნებით არც ერთი ქვეყანა არ გამთლიანებულა”

თაკო

ვინ არის ლიბიაში გაუჩინარებული 22 წლის ქართველი?

თაკო
გადასვლა....