NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » საქართველოში ექთნების უმრავლესობის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია
ეკონომიკა საზოგადოება

საქართველოში ექთნების უმრავლესობის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია

„სოლიდარობის ქსელმა“ კვლევა ჩაატარა, სახელწოდებით „ექთნების შრომის პირობები საქართველოში”. კვლევა 10 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა და გამოიკითხა 200 ექთანი.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს; 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში.

კვლევისას გაირკვა, რომ გამოკითხული ექთნების 91% ქალია. დანარჩენი 9% ძირითადად სტუდენტია, რომელიც ექიმის პროფესიას ეუფლება; 69% უკმაყოფილოა ცვლაში შესვენების დროით, ხოლო 30,5% ვერ სარგებლობს შესაბამისი ანაზღაურებადი შვებულებით; ექთნების 87%-ს არ აქვს მოსასვენებელი ოთახი სამუშაო ადგილზე, ხოლო 80%-ს არ მიუწვდება ხელი სასადილოზე.

კვლევის თანახმად, საშუალოდ ერთი ექთანი ემსახურება 11 პაციენტს.

კვლევის მიხედვით:

❖    ხელფასის სიმწირის გამო, გამოკითხულ ექთანთა 20,4% დასაქმებულია სხვა სამსახურშიც.
❖    ექთნების 91,7% სხვა სამსახურის ქონის მიზეზად დაბალ ხელფასს ასახელებს.
❖    მეორე სამსახურში სხვა პროფესიით დასაქმებულია გამოკითხულთა 31%.
❖    ექთნების უმრავლესობას უწევს, როგორც პაციენტის მოვლა, ასევე სხვა საქმიანობის შესრულებაც. მაგ: გამოკითხული ექთნების 59,1% აღნიშნავს, რომ მათ უწევთ პალატებისა და განყოფილების ფართის დალაგებაც; ხოლო 46,6% ითვისებს ბიუროკრატიულ საქმიანობას.

❖    ექთნების 74,5% ხაზს უსვამს კლინიკებში სამუშაოს არასწორ დანაწილებას.
❖    გამოკითხულთა 57,7% ძალიან უკმაყოფილოა სამუშაოთი.
სამსახურიდან წასვლის მთავარი ფაქტორები

„თუ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ერთ ექთანზე საშუალოდ 4-6 პაციენტი მოდის, ჩვენს შემთხვევაში პაციენტთა რაოდენობა ძირითადად 11 შეადგენს; თუ საერთაშორისო პრაქტიკით მაღალი საათობრივი განაკვეთი 12 საათია, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური 16, ხოლო მაქსიმალური 24 საათიანი მორიგეობაა“, – აცხადებენ „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლები, რომელთა კომენტარსაც “ლიბერალი” ავრცელებს.

საქართველოში ექთნების დეფიციტთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტში განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. „წელიწადში 100 ექიმი გვჭირდება და აღარ დავასახელებ ციფრს, რამდენს უშვებს ყოველწლიურად ის დაწესებულებები, რომლებიც არსებობენ. მწვავე დეფიციტი გვაქვს ექთნების. ერთი ექთანიც არ მოდის ერთ ექიმზე, როცა უნდა მოდიოდეს ერთ ექიმზე 3 ექთანი. რეალობა ძალიან კარგად იცით. ეს მჭიდრო კავშირშია პროფესიულ განათლებასთანაც და ბაკალავრიატთანაც. ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით“, – იკითხა მაშინ აკაკი ზოიძემ.

პოპულარული სტატიები

უბილეთო მგზავრობაზე შესაძლოა კონტროლი გამკაცრდეს

თაკო

გუდამაყარში ჰესების აშენებას აპროტესტებენ- შეიქმნა მანიფესტი

თაკო

“კომპანია “სვეტის” მიერ დაზარალებული არც ერთი მოქალაქე ბინის გარეშე არ დარჩება”

თაკო
გადასვლა....