NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზუგდიდი კინოს გარეშე
ბლოგი მთავარი გვერდი რეგიონი საზოგადოება ფოტო და ვიდეო

ზუგდიდი კინოს გარეშე

კინოხელოვნება ნიშნავს “ვმოძრაობ”. ის ადამიანს უყალიბებს ინდივიდუალური აღქმის უნარსა და გემოვნებას; გვეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში. ამასთანავე, ის შეიძლება საუკეთესო განტვირთვის ადგილადაც ჩავთვალოთ.

უკვე წლებია ქალაქი ზუგდიდი კინოთეატრის გარეშეა დარჩენილი, რაც ზუგდიდელების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენ ამ თემაზე ზუგდიდელ ახალგაზრდას, ზურაბ ლოგუას გავესაუბრეთ, რომელმაც კინოთეატრის არსებობის აუცილებლობასა და მის მნიშნელობაზე ისაუბრა:

 

  • გაიხსენე, როგორი იყო კინოთეატრი ზუგდიდში?
  • არ მახსოვს როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელ ზუგდიდში კინოთეატრი ,,საქართველო”, მაგრამ მახსოვს პერიოდი, როდესაც მას სახელი შეუცვალეს და დაარქვეს ,,ატრიუმი” და მის ეკრანზე ისევ დაიწყო ფილმების ჩვენება.
  • რამდენად ხშირად დადიოდი კინოთეატრ “ატრიუმში”?
  • ხშირად დავდიოდი-მეთქი, რომ გითხრათ ტყუილია. მე მაშინ თბილისში, სტუდენტი ვიყავი და ზუგდიდში იშვიათად ჩამოვდიოდი. თუმცა როგორც მოგეხსენებათ, სტუდენტისთვის კინოთეატრისთვის გაღებული ფული დიდი ფუფუნებაა, მითუმეტეს ისეთი მაწანწალა სტუდენტისთვის, როგორიც მე ვიყავი. თუმცა ყველა კინოფესტივალს ვესწრებოდი, რითაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი.
  • შენი აზრით, რისთვისაა საჭირო კინოთეატრი ზუგდიდში?
  • იმისათვის, რომ ქალაქში არ იყოს ერთი ფერი. ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. კინოთეატრი არის ხიდი, ის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს აკავშირებს, საერთო მსჯელობის საკითხს უჩენს. ფილმი წიგნთან ერთად, კომუნიკაციის ყველაზე კარგი საშუალებაა. მისი დახმარებით შესაძლებელია ფართო საზოგადოებას გავუზიაროთ ის მძიმე სოციალური კონტექსტები, რომელშიც გვიწევდა, თუ გვიწევს ცხოვრება. კინემატოგრაფიას არაერთი ფაქტი ახსოვს, როდესაც კონკრეტულმა ფილმმა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, რისი დასტურიცაა პაზოლინის, ბერტოლუჩის თუ არაერთი სხვა რეჟისორის შემოქმედება. ასევე მახსენდება ქართული ფილმები, რომელებიც შიშის ზარს სცემდნენ ავადსახსენებელ საბჭოთა ნომენკლატურას. რის გამოც ცენზურას ცენზურაზე უშვებდნენ. მაგალითისთვის კოტე მიქაბერიძის ,,ჩემი ბებია“.
    ზუგდიდში კულტურული ცხოვრების გაღვივებისთვის, დამატებითი სააზროვნო სივრცის გაჩენისთვის, კინოთეატრის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შეყვარებულთან ერთად კინოში წასვლაზე უკეთესი კულტურული აქტი სხვა რა უნდა იყოს?! ( ისე, ძალიან მაინტერესებს, დადაიანების სასახლის ეზოს გარდა, ზუგდიდში შეყვარებულები ერთმანეთს პაემანს სად უნიშნავენ?)
  • ხშირად სტუმრობდნენ ზუგდიდელები კინოს?
  • როგორც ვიცი, კინოთეატრი ზუგდიდში მაყურებლის სიმცირეს განიცდიდა, რაც არის ,,ატრიუმის” დახურვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
    მსოფლიო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კინოინდუსტრია, როგორც ბიზნესი, არის მნიშვნელოვანი დაინტერესების საგანი. თუმცა იგივეს თქმა, ისეთი განვითარებადი ქვეყნის ქალაქისთვის, როგორც ზუგდიდია, შეიძლება ითქვას, ძნელია. ამიტომ პირადად საერთოდ არ გამკვირვებია, როცა კერძო მესაკუთრემ აქცენტი საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე აიღო. რის შედეგადაც კინოთეატრი ატრიუმი კაზინოთი ჩაანაცვლა, რომელიც მისთვის როგორც ჩანს, მეტად სარფიანი აღმოჩნდა. ასეთ დროს, ვფიქრობ, მნიშვენლოვანი როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფო ინსტიტუციამ. უფრო რომ დავწვრილმანდეთ, მუნიციპალურმა ერთეულმა, რომელსაც შეუძლია მოიზიდოს ფინანსები იმისათვის, რომ ქალაქს ჰქონდეს ისეთი კულტურული კერა, როგორიც კინოთეატრია.
  • შენი აზრით, რამ განაპირობა ის, რომ დღეს ქალაქში არ გაქვთ კინო?
  • ქალაქში კინოს არსებობით, პირველ რიგში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დაინტერესებული უნდა იყოს მერია. ეს საქმე, მხოლოდ ბიზნეს სექტორის და ბაზრის მოთხოვნილების ამარად არ უნდა დარჩეს.
    თუ გვინდა კინოთეატრი, ქალაქში უნდა მოგვარდეს მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხი. ავტობუსები უნდა დადიოდნენ, მინიმუმ 10 საათამდე. ყოველ შემთხვევაში, იმ დღეებში მაინც, როდესაც კინოჩვენება იქნება. ამ ბიზნესის განვითარებას, მუნიციპალურმა ერთეულმა ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოს. პრაქტიკამ გვანახა, რომ ის თავისით არსებობას ვერ შეძლებს.

მინდა ორიოდე სიტყვით ჩემი თაობის ზუგდიდელებზეც ვისაუბრო. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც არ გვაქვს კინოთეატრის კულტურა, რადგან ძალიან ცუდ პერიოდში მოგვიწია ბავშვობისა თუ მოზარდობის გატარება. ჩვენ ფაქტობრივად, დიდი ეკრანის გარეშე გავიზარდეთ. თუმცა მიუხედავად ამისა, ყველას თუ არა, რაღაც ნაწილს მაინც გვაქვს იმის შეგნება, რომ ქალაქში კინოს არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია livepress.ge-ზე, რომ ზუგდიდელი მოზარდები სოციალური კინოთეატრისთვის ფართს ეძებენ. მოსწავლეებმა ბიზნესგეგმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ პროექტ სოციალური მეწარმეობის განვითარების ფარგლებში შეიმუშავეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა. ის რაც ჩვენმა თაობამ ვერ შევძელით, აგერ, თინეიჯერებმა გააკეთეს. და როგორც ვიცი, ის დღე არც ისე შორსაა, როდესაც ზუგდიდში ფილმის ყურებას კინოთეატრში შევძლებთ.
ამ საქმისთვის, თითოეულ მათგანს და იმ ადამიანებს ვინც გვერდში უდგანან, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

  • რატომ განიცდიდა “ატრიუმი” მაყურებელთა სიმცირეს?

კინოს კულტურის არქონის გამო. კინოთეატრის ადგილას კაზინო გაიხსნა და ქალაქს ყურებიც არ შეუბერტყავს. ამ ფაქტს დიდი საპროტესტო ტალღა უნდა მოჰყოლოდა, რომ “ძლიერნი ამა სოფლისანი”, რომლებსაც ევალებათ მსგავსი საკითხების მოგვარება, შეწუხებულიყვნენ და ქალაქისთვის კონოთეატრი შეენარჩუნებინათ.
მახსოვს, მაშინ, პროტესტის ნიშნად, სიმღერა დავწერე ,,ატრიუმის შენობიდან წავიდეს კაზინო”, მაგრამ სამორინე დღემდე ატრიუმის შენობაშია და მას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია ფიქრი იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ზუგდიდელი გახადოს მასზე დამოკიდებული და ჯიბიდან ბოლო ლუკმაც ამოაცალოს.

იხილეთ ზურაბ ლოგუას სიმღერა – ,,ატრიუმის შენობიდან წავიდეს კაზინო” :

ახლო მომავალში, NewsMedia ახალგაზრდებთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, რომლებიც სოციალური კინოთეატრისთვის ფართს ეძებენ. ასევე  გავიგებთ, თუ რას ფიქრობენ  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზუგდიდელებისთვის კინოთეატრის მნიშნელობაზე.

პოპულარული სტატიები

,,საქართველოში ადამიანებს რაღაც ანადგურებთ” _ რას ყვება თურქეთის კლინიკის ექიმი

მთავარი რედაქტორი

“რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა და იწყებენ მოსამზადებელ სამუშაოებს სოფ წნელისში”

მთავარი რედაქტორი

ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერს რინგზე იწვევს (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....