NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს
ახალი ამბები პოლიტიკა

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც დავით დონდუამ აღნიშნა, სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.

 

„აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით, – განაცხადა დავით დონდუამ.

 

 

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, – განაცხადა დონდუამ.

 

სირიის მთავრობამ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. 29 მაისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ განაცხადა, რომ აფხაზეთმა და სირიის რესპუბლიკამ საელჩოების დონეზე დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც ადასტურებს საერთო სწრაფვას ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარებისკენ.

 

29 მაისს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კომუნიკე, რომლის თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ და სირიის არაბთა რესპუბლიკამ გამოაცხადეს ურთიერთაღიარება და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.” საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს აღიარეს ვანუატუმ და ტუვალუმ, თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.

პოპულარული სტატიები

ზაზა სარალიძე დღეს შს სამინისტროშია დაბარებული

მთავარი რედაქტორი

“ნუ მომკლავ” აქციაზე მისულ პრემიერს ბოთლები ესროლეს

მთავარი რედაქტორი

“იმედი მაქვს, როცა ექვსი წლის შემდეგ ჩამოვალ მარნეულში, ქართულ ენაზე თარჯიმნის გარეშე დაგელაპარაკებით”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....