NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი »  თავისუფლება კორონას ბატონობისას
ბლოგი მთავარი გვერდი პოლიტიკა საზოგადოება

 თავისუფლება კორონას ბატონობისას

     “ჩვენ ვერასდროს შევძლებდით ნაბიჯის გადადგმას, ეს ბრძოლა ყველას თავისთვის, ცალ-ცალკე, თითო-თითოს რომ გვეწარმოებინა. ეს თავისუფლების განვითარება, ადამიანის მოდგმის განვითარება თავისუფლებისთვის არის სახელმწიფოს ფუნქცია”

                                                                                                                             ფერდინანდ ლასალი

 

       მსოფლიო თავდაყირა დააყენა ახალმა კორონა ვირუსმა, რის გამოც ადამიანებს ცხოვრების რიტმის შეცვლა მოუწიათ. მსოფლიო გლოვობს დაღუპულ ადამიანებს, დანგრეულ ეკონომიკას, შეჩერებულ ცხოვრებას. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი. ის ხალხი ვინც გუშინ საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქმედებდა, დღეს ემორჩილება მოთხოვნებს და სახელმწიფოს მიერ დადგენილი დღის წესრიგით მოქმედებს. მსოფლიო მოუმზადებელი შეხვდა ახალ გამოწვევას, ამ ფაქტმა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ბევრმა მოაზროვნემ იდეოლოგიურ ბზარზეც დაიწყო საუბარი, მათი მთავარი არგუმენტი თავისუფლების საკითხია. თუ ზოგიერთი იდეოლოგია დგას თავისუფლების პრინციპზე, როგორ შეიძლება, ვირუსის გამო ფუნდამენტურად შეიცვალოს ეს მთავარი ღირებულება?! 

      სანამ თავისუფლების საკითხს შევეხები აუცილებელია ყურადღების გამახვილება მოქალაქეზე, ვინაიდან დემოკრატიის ღერძი სწორედ მასზე დგას.   მონტესკიე “კანონთა გონში” ამბობს: “პრინცის ტირანია ფეოდალურ სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობისთვის ნაკლებ მავნებელია, ვიდრე მოქალაქის აპათია დემოკრატიულ სახელმწიფოში”.  საზოგადოების ჩართულობა, პროტესტის გამოხატვა, ხელისუფლების ქმედებების გაკონტროლება არის ძლიერი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და რაც უფრო ხშირად გამოხატავს საზოგადოება პროტესტს, მით უფრო მაღალია მისი დემოკრატიულობის ნიშნულიც.

       აბრაამ ლინკოლნი ამბობს: “დემოკრატია არის ხალხის მმართველობა, ხალხის მიერ და ხალხისთვის.” ამ ციტატის გათვალისწინებით ნათელია, თუ რატომ უნდა იყოს მოქალაქე ყველა პოლიტიკური პროცესის აქტიური მონაწილე. მსგავს საზოგადოებაში მყოფი ადამიანი არავის მისცემს უფლებას თავისუფლება შეუზღუდოს, ვინაიდან სწორედ იგი დგას სახელმწიფოს სათავეში.

       საგანგებო მდგომარეობისას ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. კანონში ჩაწერილი თითოეული პუნქტი უნდა იყოს განხილული და გადააზრებული. საქართველოს მაგალითზე ბევრი გამოთქვამს პროტესტს რეგულაციაზე, რომელიც ეხება მანქანაში ჯდომის წესს, სადაც მძღოლის გვერდით ჯდომა არ შეიძლება მათი სიახლოვის გამო, თუმცა უკანა სავარძელზე ორი ადამიანის გვერდიგვერდ ყოფნა ნებადართლია. ლოგიკურად მსგავსი შინაარსის რეგულაცია ხშირად დაცინვას იწვევს საზოგადოების მხრიდან, დაცინვის უკან კი საზოგადოების უკმაყოფილება იგრძნობა. თუ სახელმწიფოს სურს ადამიანები დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესით გათვალისწინებულ რეგულაციებს, მაშინ მათი უკმაყოფილების მიზეზი საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ და პრობლემა აღმოფხვრან.

      მოქალაქეს კონსტიტუციის მიხედვით დაბადებიდან აქვს სიცოცხლის, თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრების უფლება. მას ასევე აქვს გამოხატვის, გაერთიანებისა და რელიგიის თავისუფლება. საინტერესოა, ილახება თუ არა ადამიანის თავისუფლება საგანგებო მდგომარეობის დროს?

      ჯორჯო აგამბენი კორონა ვირუსის დროს საგანგებო მდგომარეობაზე წერს, რომ “საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს საგანგებო მდგომარეობაში, არ შეიძლება ეწოდოს თავისუფალი საზოგადოება.” არის კი, საგანგებო მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება მარწუხებში მოქცეული?

      კანტი ამბობს: “თავისუფალი ნება და მორალურ კანონში მოქცეული ნება ერთი და იგივეა” ადამიანი თავისუფლებას აღწევს მაშინ, როდესაც იგი მორალური პრინციპებით მოქმედებს. ადამიანის სუბიექტურ ქმედებას იგი უწოდებს მაქსიმას, რომელიც თითოეულ ინდივიდში შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ როდესაც საზოგადოებაში გვაქვს მოცემული ობიექტური აუცილებლობა, რაც საზოგადოების კეთილდღეობისთვის აუცილებელია, მაშინ ადამიანები ერთიანდებიან მთავარი მიზნის გარშემო, რაც ობიექტურ ერთიანობას წარმოქმნის. 

     თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება არის სწორედ ერთიანობა თავისუფალი ადამიანებისა, რომლებიც მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა და სახელმწიფოს მხრიდან მიღებული რეგულაციებისა, არ თვლიან რომ მათი პიროვნული თავისუფლება იზღუდება. თუ მოქალაქე იაზრებს, რომ ეს შეზღუდვა საჭიროა მთელი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, იგი თავისუფალი ნებით თანხმდება სახელმწიფოს და ამით არ ითრგუნება მისი თავისუფლება. ამიტომ ვერ დავეთანხმები აგამბენის აზრს, რომ საგანგებო მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება ვერ იქნება თავისუფალი, ვინაიდან ადამიანი თავად, გააზრებულად აანალიზებს მის მოქალაებრივ პასუხისმგებლობას ამ პროცესებში და ამგვარი შეზღუდვით, წვლილი შეაქვს საერთო-საკეთილდღეო საქმეში.

     შეიძლება ზოგიერთს გაუჩნდეს კითხვა – რატომ ჯარიმდებიან ადამიანები კომენდანტის საათის დარღვევისთვის, ხომ შეიძლება ისინი იმიტომ არღვევდნენ ამ რეგულაციას, რომ მათ თავისუფლება შეუზღუდეს? 

     – სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ძალიან გრძელვადიანი პროცესია, რომელიც დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ადამიანების ნაწილს საგანგებო მდგომარეობის დროს  რეგულაციების დაცვისკენ, მორალი და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება უბიძგებთ. ზოგისთვის კი, ვისთვისაც ჯერ კიდევ უცხოა რას ნიშნავს “მოქალაქე” აკავებს ჯარიმა. რაც ყველაზე მნიშველოვანია, ჩვენ ვხედავთ საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის სოლიდური თანხით დაჯარიმებულ ხალხს. ეს კი მიუთითებს, რომ თავისუფალი ადამიანი რომელიც მორალური და საერთო კეთილდღეობის მიხედვით მოქმედებს არასდროს დაარღვევს ამ კონკრეტულ რეგულაციას. მას კი, ვისაც მხოლოდ ჯარიმა აკავებს, ყოველთვის გამონახავს საშუალებას, რაიმე ფორმით გვერდი აუაროს კანონს, გვერდის ვერ ავლის შემთხვევაში კი დაჯარიმდება, რისი მაგალითებიც საკმაოდ ხშირია. კანტი მორალის სფეროს მიაკუთვნებს მოვალეობის ცნებას, რომელიც ეფუძნება გონიერ არსებათა ურთიერთდამოკიდებულებებს, რაც არ არის განპირობებული სუბიექტური ლტოლვებით. ადამიანის მოვალეობის ცნება წარმოადგენს გარკვეულ ვალდებულებას საკუთარი თავისა და სხვის მიმართ. როდესაც ადამიანი კომენდანტის საათის დროს ჯარიმის შიშით არ გადის სახლიდან, იგი მოვალეობით არ მოქმედებს. მოვალეობით მოქმედება გამომდინარეობს მორალიდან: მე შეიძლება ვიმყოფებოდე ისეთ ადგილას, სადაც ვიცი, რომ პოლიციელები არ დადიან და შესაბამისად ვერ დამაჯარიმებენ, თუმცა თუ მოვალეობის ცნების მიხედვით ვმოქმედებ არ დავარღვევ კანონს, ვინაიდან ჩემი ქმედება არ იქნება გამართლებული. მოვალეობის ცნებით მოქმედი ადამიანი არასდროს მოიქცევა საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ.

     სხვა ზემოთქმულთან ერთად საგანგებო მდგომარეობისას ადამიანებს არც რელიგიური თავისუფლება ეზღუდებათ. იზღუდება მხოლოდ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა, რომელიც კვლავ ადამიანთა უსაფრთხოების დაცვით არის განპირობებული. სამწუხაროა, როდესაც სასულიერო პირები საზოგადოებას მოუწოდებენ რიტუალებში მონაწილეობისაკენ, რაც  ჰიგიენური მოთხოვნების დარღვევის წინაპირობაა. სასულიერო პირი, რომელიც მოსახლეობას ვირუსული საფრთხის მიუხედავად ურჩევს რიტუალებში მონაწილეობისაკენ მოქმედებს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. მისი ქმედება არათუ გაუმართლებელი, არამედ მმავნებლურია. მათი ქმედება “მოვალეობით” რომ იყოს განპირობებული, მივიღებდით სახელმწიფოსა და რელიგიურ აზრთა თანხვედრას, რაც ბევრ სახელმწიფოში უკვე ვიხილეთ. მოქალაქე, კი რომელიც აცნობიერებს მის როლს საგანგებო მდგომარეობისას, დაიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვინაიდან მისთვის მთავარია საზოგადოების უსაფრთხოება. სახელმწიფომ კი რელიგიური ინსტიტუტების დაუმორჩილებლობისას უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ვინაიდან საზოგადოების გამორჩევა რაიმე ნიშნით გამოიწვევს უთანასწორობას, რაც დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამღუპველია.

     მოქალაქემ დემოკრატიულ სახელმწიფოში ქვეყნის პატრონად უნდა იგრძნოს თავი და სწორედ ეს არის დემოკრატიის ცენტრალური მორალური ცნება. როდესაც ვამბობთ “დარჩი სახლში” სწორედ ჩვენი თავისუფალი ნება გვიბიძგებს ამ სიტყვებისკენ, რომლებიც საერთო სიკეთის სურვილით არის განპირობებული. 

 

ლაშა ჯანჯღავა

 

 

 

პოპულარული სტატიები

“ყველგან ვარ, სადაც უნდა ვიყო”

მთავარი რედაქტორი

რუს სამხედროებს ევკალიპტის ხე დაეცა

მთავარი რედაქტორი

ქართველები ბრაზილიაში Neymar JR’s-ის ფინალში ითამაშებენ

გადასვლა....