NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ახალციხეში დედას შვილები დროებით ჩამოართვეს
მთავარი გვერდი საზოგადოება სიახლეები

ახალციხეში დედას შვილები დროებით ჩამოართვეს

შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა. დედა ჰყვება, რომ ხუთი წლის ბიჭს ბაღი არ უყვარდა, ამ დღეს ბევრი იტირა, ამიტომ იძულებული გახდა, რომ ადრე გამოეყვანა: „სახლში რომ მივედით, მითხრა, ნახე, რომ ვიტირე, რა უცებ წამომიყვანეო. ამაზე გავბრაზდი და დასჯის მიზნით ვუთხარი კუთხეში დამდგარიყო“.

37 წლის ქალი ამბობს, რომ ბავშვისთვის არ დაურტყამს. მეზობელი კი ყვება, რომ დედამ ბავშვს სცემა: „ისეთი ტირილის ხმა ისმოდა, რომ ჩემმა რძალმა სასწრაფოს გამოუძახა. ბავშვის ტირილი ხშირად გვესმის, ამიტომ ამჯერად რძალმა გადაწყვიტა, რომ დაერეკა“.

„სასწრაფოს ვუთხარი, რომ მე არ გამომიძახებია“, – ამბობს დედა – „ეს მეზობლის გოგო კი რომელმაც დარეკა, კიბეებზე წივილ–კივილით მორბოდა, ბავშვი კვდებაო. ექიმებმა ბიჭი გასინჯეს და არაფერი არ სჭირდა, ეს დაწერეს კიდეც ოქმში“.

სასწრაფოს შემდეგ ოჯახში პოლიციისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მივიდნენ. მათ დედა, ორ მცირეწლოვანთან, ხუთი წლის ბიჭთან და ოთხი წლის გოგონასთან ერთად, ახალციხის რაიონული სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. აქ ხუთი წლის ბიჭს ექსპერტიზა ჩაუტარეს, დასკვნის მიხედვით, ბავშვს ჩალურჯებები აღმოაჩნდა. პოლიციიდან მცირეწლოვნები სოციალური მომსახურების სააგენტომ წაიყვანა, 37 წლის ქალი კი შვილის ცემის ბრალდებით დააკავეს.

„ბავშვები ტიროდნენ ჩემთან დარჩენა უნდოდათ, მაგრამ სად წაიყვანეს არ ვიცი, არც არაფერი მითხრეს. მე ვყვიროდი და ბავშვების დაბრუნებას ვითხოვდი, მაგრამ პოლიციელები შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მერე კი ისევ თვითონ მედავებოდნენ თითქოს არ დავემორჩილე და წინააღმდეგობა გავუწიე“, – გვიყვება დედა.

მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეორე დღეს, 22 სექტემბერს იმსჯელა და გირაო 3 000 ლარი შეუფარდა. ამასთან ერთად 37 წლის ქალი მოსამართლემ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 1 000 ლარითაც დააჯარიმა. ასევე, დედას შვილებთან ერთი თვით შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

„უკვე ორი დღეა, რაც ამ ორდერის ვადა გავიდა და შვილებს მაინც არ მაჩვენებენ. სოციალურ სამსახურში იმასაც კი არ მეუბნებიან ბავშვები სად არიან“, – ამბობს დედა.

37 წლის ქალის ადვოკატი, ლარისა შელეკიძე ამბობს, რომ დედას შვილები დაუსაბუთებლად ჩამოართვეს: „თუკი სასამართლომ არ იმსჯელა ბავშვების განრიდებაზე, ვის რა უფლება აქვს, რომ ბავშვები დაკავებული ჰყავდეთ?! ვის რა უფლება აქვს, რომ ბავშვები ოჯახს არ დაუბრუნონ და მითუფრო არც კი აჩვენონ მშობლებს?!

სასამართლო ხუთი წლის ბიჭის ცემის საქმის არსებით განხილვას 18 ნოემბრიდან დაიწყებს.

 

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

პოპულარული სტატიები

„ივანიშვილი ხაზარაძეს ანაკლიის პროექტიდანაც გააგდებს“

მთავარი რედაქტორი

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა

კრემლის მორიგი მუქარა თბილისს

გადასვლა....